ვინ იყო კორონავირუსისგან გარდაცვლილი 24-ე პაციენტი

23-09-2020 11:05:08 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, გარდაცვლილი პაციენტი 70 წლის კაცია და მას მძიმე ფონური დაავადებები ჰქონდა. კერძოდ, იყო ონკოლოგიური პაციენტი, რის გამოც ახალი გადატანილი ჰქონდა ხორხის კიბოს ოპერაცია, ინფექციურში კი ორმხრივი პნევმონიით 18 აგვისტოს შეიყვანეს.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დილის 8 საათზე გარდაიცვალა, რომელიც ინფექციურში 18 აგვისტოს შეიყვანეს.

„კორონავირუსის მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა: 3–4 სექტემბერს ტესტზე იყო უარყოფითი პასუხი, 11 სექტემბერს განმეორდა ტესტირება და პასუხი კვლავ უარყოფითი იყო, მაგრამ მძმე ფონური დააბადებების გამო, პაცენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილის 08:00 საათზე გარდაიცვალა“,– განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის: ბოლო სამ დღეში ეს გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა: 20 სექტემბერს გარდაიცვალა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი, 21–22 სექტემბერს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარდაიცვალა კიდევ სამი პაციენტი, რაც ამ მხრივ საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 227 პირს დაუდასტურდა, 69 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4140 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1643 პირი განიკურნა, 23 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 227 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5255 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 563 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.

ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები