ბათუმში კოვიდ–ინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, დაგეგმილია კიდევ ერთი ოპერაცია

23-09-2020 13:01:08 საზოგადოება

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდ–ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას ინფორმაციით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

„საკეისრო კვეთა დასრულდა. ორივე თავს კარგად გრძნობს. მიმდინარეობს ბავშვის მოწესრიგება, უნდა გადავიდეს ბოქსირებულ განყოფილებაში და დღის განმავლობაში ახალშობილს ტესტირება ჩაუტარდება. ამ ეტაპზე არ არის ცნიბილი, აქვს თუ არა ბავშვს კორონავირუსი. ჯერჯერობით დედა და შვილი იზოლირებულად იქნებიან მოთავსებული“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

დღეისთვის სამშობიარო სახლში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებულის საკეისრო კვეთა არის დაგეგმილი.

„იგეგმება მეორე საკეისრო კვეთაც. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. სავარაუდოდ, დღის განმავლობაში მეორე პაციენტსაც ჩაუტარდება საკეისრო კვეთა. სულ გვყავს 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი. აქედან ორის გადაყვანა იგეგმება საკარანტინო ზონაში და დაგვრჩება 23 პაციენტი. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“- აღნიშნა ნუგზარ პაპავამ.

ცნობისთვის: აჭარაში სადღეისოდ 27 კოვიდ–ინფიცირებული ორსული მკურნალობს.

შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, აჭარა "ცითელ ზონად" რჩება. გასული 24 საათს განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცნობილია, რომ 12 მეხუთე საჯარო სკოლის თანამშრომელია.

ჯამში ქვეყანაში ბოლო დღე–ღამის განმავლობაში 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 69 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები