აშშ–ის ყოფილი ელჩები ოქტომბრის არჩევნებს "დემოკრატიის გადამწყვეტ გამოცდად" აფასებენ და კანონის უზენაესობაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებენ

23-09-2020 18:03:33 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამი ყოფილი ელჩი – ჯონ ტეფტი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ "დემოკრატიის გადამწყვეტ გამოცდად" აფასებენ.

"საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემია მაგრამ, ახლა მან 31 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზეგავლენას უნდა გაუმკლავდეს", – წერენ ელჩები გამოცემა The National Interesrt-ში გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში.

ყოფილი ელჩები წინასაარჩევნო პერიოდზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა სცადოს, რის შესახებაც განცხადება მოქმედმა ელჩმა კელი დეგნანმაც გააკეთა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს, რისი წინაპირობებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, კორუფციასთან ბრძოლა და საერთაშორისო ინვესტორთა უფლებების დაცვაა.

“ამ კანონპროექტმა შესაძლოა, კანონის ძალა ვერ შეიძინოს, თუმცა ის მომავალი არჩევნებისთვის სიგნალს წარმოადგენს", – დასძენენ ელჩები.

როგორც დიპლომატები აღნიშნავენ, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, თუმცა არსებობს გართულებები:

"ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” უკვე გამოთქვა შეშფოთება "ქვეყანაში რეპრესიული კანონმდებლობის მიღების თაობაზე", რაც კომუნიკაციების შესახებ კანონში გამკაცრებულ და დაჩქარებული წესით შესულ ცვლილებებს უკავშირდება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ტელე–რადიომაუწყებლებზე კონტროლის მოპოვების აშკარა სურვილს შეიძლება, წარმოადგენდეს”.

სტატიაში საუბარია ქართულ ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის თაობაზე და აღნიშნულია, რომ "უმუშევრობა კვლავ აქილევსის ქუსლს წარმოადგენს, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მარალი რჩება, განსაკუთრებით რეგიონებში".

“ქვეყანა დაუყოვნებლივ საჭიროებს ახალ ინვესტიციებს, თუმცა კანონის უზენაესობაში არსებული ხარვეზები, დავების მოგვარების სისტემის ნაკლოვანებები, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება"- დასძენენ ელჩები.

დიპლომატები სტატიაში ორ უმსხვილეს საინვესტიციო პროექტზე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ახალი ციფრული დერეფანის განვითარების პროექტებზეც საუბრობენ და მიუთითებენ, რომ მათ განხორციელებას სახელმწიფოს ჩარევა აფერხებს:

"ორივე შემთხვევაში არსებობს საშიშროება, რომ კომპანიებმა საქართველოს მთავრობასთან საქმის გარკვევა საერთაშორისო არბიტრაჟში გააგრძელონ (რაც ახლა ანაკლიის შემთხვევაში ხდება ). ამან შეიძლება, დააფრთხოს ზოგიერთი პოტენციური უცხოელი ინვესტორი. მოლაპარაკებათა შედეგად მიღწეულ შეთანხმებებს ამ რისკების შემცირება შეუძლიათ".

"გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ბევრი გამოწვევა ჰქონდა სუვერენიტეტის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. გვჯერა, რომ ის ამ უახლოეს გამოცდასაც წარმატებით ჩააბარებს", - დასძენენ ელჩები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები