Accentnews.ge
ლომჯარია ამბობს, რომ პატიმრები მუქარასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ

ლომჯარია ამბობს, რომ პატიმრები მუქარასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ

25/09/2020 08:33:17 სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გლდანის მერვე დაწესებულებაში მყოფი სამი პატიმრის მიმართ სავარაუდოდ, მუქარასა და არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დასაწყებად მიმართა.

"ჩემი წარმომადგენლები გუშინ მთელი დღის განმავლობაში, გვიან ღამემდე გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ჩვენ სამ პატიმარს შევხვდით და დეტალურად გამოვკითხეთ. პატიმრები საუბრობენ მათ მიმართ სავარაუდო, მუქარაზე და სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. საუბარია არა ციხის დირექტორის, არამედ, სავარაუდოდ, მოადგილის გვარზე და სხვა პირებზე.

ჩვენ გუშინვე მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომ დაიწყონ გამოძიება. გარკვეული ინფორმაციის დოკუმენტირება და ფოტო გადაღებაც მოვახდინეთ, რომელსაც გამოძიების პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მივაწვდით, მივადევნებთ თვალს ამ პატიმრების უსაფრთხოები დაცვას,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, რა გახდა პატიმრების მიმართ სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის მიზეზი, ნინო ლომჯარია პატიმრებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მათ უკმაყოფილება კვებასთან და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით გამოთქვეს.

"პატიმრები საუბრობენ სიტყვიერ შელაპარაკებაზე, პატიმრები ამბობენ რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოთქვეს კვებასთან და მედიკამენტების მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც გახდა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფისა თუ მუქარის მიზეზი. ეს განმეორდა საკანში მას შემდეგ, რაც პატიმრებმა, სავარაუდოდ, დაზიანებები მიიყენეს"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის: 25 სექტემბერს გლდანის N 8 პენიტენციურ დაწესებულებასთან, ციხის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და მისი სამართლებრივად დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, ციხის უფროსი უხეშად არღვევს თანამდებობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და ზეწოლას ახდენს პატიმრებზე:

"გლდანის ციხის უფროსი ჯალათად არის გადაქცეული, ის აგრძელებს პატიმრებზე ზეწოლას. მან დაარწმუნა რამდენიმე ადამიანი, რომ მე აქცია არ გამემართა და არ მეთქვა ეს სიმართლე. გუშინ სახალხო დამცველის აპარატიდანაც იყვნენ შესული ციხეში, მათ დააფიქსირეს დარღვევა. ციხის უფროსმა პატიმარი მოაქცია დეესკალაციის საკანში, არც მატრასი მისცა, არც სხვა ნივთები და ასე ძაღლივით დააგდო პატიმარი სათვალთვალო კამერაში. ეს არის პირდაპირ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ის მთვრალი დადის ციხეში, შეურაცხყოფას აყენებს პატიმრებს, გაუპატიურებით ემუქრება მათ. მას ასევე ჰყავს პრივილეგირებული პატიმრები, რომლებსაც არ ეხება, ხოლო დანარჩენებს ძალიან ცუდ დღეში აგდებს. ამიტომ ჩვენ ამ ყოველივეზე მოვითხოვთ შესაბამისი სამართალდამცავი სტრუქტურების ჩართვას, ასევე მივმართავ თეა წულუკიანს, რომ მიხედოს ამ ადამიანს, რადგან ეს ადამიანი აპელირებს, რომ ის არის წულუკიანის ნათესავი. ამიტომ ამ ყოველივეზე გვექნება მკაცრი რეაგირება და მკაფიო მესიჯები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S