Accentnews.ge
"ქართული ოცნების" ინიციატივას ოპოზიციური სპექტრი პასუხობს

"ქართული ოცნების" ინიციატივას ოპოზიციური სპექტრი პასუხობს

24/06/2019 12:47:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, თუმცა ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, - ამის შესახებ დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუნდთან თათბირის შემდეგ განაცხადა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ იურისტი ლევან ნატროვილი განმარტავს, პროპორციული სისტემის პირობებში დეპუტატის მანდატები ნაწილდება არჩევნებზე ამომრჩეველთა მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერის პროპორციულად. ხოლო სადღეისოდ მოქმედი სისტემის მიხედვით, პროპორციულად მხოლოდ მანდატების ნაწილი ნაწილდება, ვინაიდან ასევე არსებობს მაჟორიტარული ოლქები. მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში ის კანდიდატი შედის, რომელიც 50%–ს + 1 ხმას მიიღებს. 

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ 0%–იან ბარიერს, როგორც ირკვევა, მსგავს შემთხვევებში ბუნებრივი ბარიერი მოქმედებს, რაც 150–მანდატიანი პარლამენტის შემთხვევაში 0,67%–იან ბარიერს გულისხმობს. 

ინიციატივას უპასუხეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 

"გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ინიციატივაში ოპოზიციური გაერთიანების დაშლის მცდელობას ხედავს: 

„ლიდერმა,   „მმართველ „კანტორას“ თუ ჰგონია, რაიმე საარჩევნო ხრიკით დაშლის "გაერთიანებულ ოპოზიციას", ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ ჩამოვყალიბდით მძლავრ ძალად და ვიცით, რომ ძალა მართლა ერთობაშია".

მისივე თქმით, "გაერთიანებულმა ოპოზიციამ" 25 პოლიტიკურ გაერთიანებასთან ერთად, უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, რათა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია შედგეს და ერთ პოზიციაზე შეჯერდნენ.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ შესაბამისი მოქმედება, რომ დავუკავშირდეთ ყველა იმ 25 პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც შეაგროვა პროპორციულ არჩევნებზე ხელმოწერები იმისათვის, რომ ხვალ გავიაროთ კონსულტაცია და ვიყოთ ერთნი. როგორც კი დაიწყება დაქსაქსვა, შედეგს მივიღებთ დახლოებით ისეთს, როგორც მივიღეთ მაგალითად ავადსახსენებელი კონსტიტუციის შემთხვევაში", - აღნიშნა ვაშაძემ.

პოლიტიკური მოძრაობის  „გამარჯვებული საქართველო“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, „ეს არის ივანიშვილის მცდელობა, შეინარჩუნოს და გაიხანგრძლივოს ძალაუფლება“

„დღეს, ივანიშვილის მიერ პროპორციული არჩევნების შემოთავაზება გახლავთ ჩვენი ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების შეუპოვარი ბრძოლის ნაწილობრივი შედეგი. ამიტომ , მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი მოძრაობის სახელით მათ. რატომ ნაწილობრივ: 0%-იანი ბარიერით პროპორციული არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია თუ არა ივანიშვილის მიერ, თაღლითური სქემით ძალაუფლების შენარჩუნების გზა და ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამას მიესალმება უნდა აცნობიერებდეს, რომ შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკურ ხაფანგში. ეს გახლავთ პრაქტიკურად და შინაარსობრივად მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, როდესაც ივანიშვილი დღეს არსებულ, ან ახალ მაჟორიტარებს შეაქმნევინებს პარტიებს და მათი მეშვეობით შეეცდება შეინარჩუნოს პარლამენტში უმრავლესობა.

ყოველივე ამის შედეგად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების მიზნით შეიქმნას სახალხო ნდობის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რიგითი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნოს სახალხო ნდობის მქონე პიროვნება, რომელიც გამოიძიებს სამი დღის წინანდელ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ასევე მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებული ის ადამიანები, რომლებიც არიან დაკავებულები და რომელთა დაკავების საფუძველიც არსებულ რეჟიმს არ გააჩნია“,-აცხადებს ოქრუაშვილი.

„შენების მოძრაობის“ დამფუძნებლის დავით უსუფაშვილის აზრით, ნულოვანი ბარიერით ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაცია და შემდგომ სუპერ დაქსაქსულ პოლიტიკურ ველზე საკუთარი ამოცანების მიღწევა სურს. 

„მთავარი არის ის, რომ ხალხს წინ ვერავინ დაუდგება, ხოლო როცა ხალხს ახალგაზრდობა მიუძღვება წინ, აქ გამარჯვება უფრო სწრაფად მიიღწევა. სწორედ ამიტომ ივანიშვილმა სხვა გამოსავალი ვეღარ ნახა.

5 წლის განმავლობაში მან არანაირი არგუმენტი არ გაიზიარა ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ, მაგრამ დღეს პროპორციულ არჩევნებზე დათანხმება მოუწია. ივანიშვილი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო, როდესაც ადამიანი იძულებულია დათმობაზე წავიდეს იწყებს სხვა გზებით და საშულებებით კომპენსირებას იმისი, რაც მან დაკარგა. ეს მის გადაწყვეტილებაში შეინიშნება. მგონია, რომ ნულოვანი ბარიერი არ არის საუკეთესო ვერისა, მაგრამ ამის გამო საპასუხო მზაობის არ გამოცხადება, იქნება არასწორი. უბრალოდ, პოლიტიკური ძალები უნდა აღმოვჩნდეთ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ამ ტიპის გამოწვევებს გავუმკლავდეთ. იქნება ტენდენციები, როდესაც ბუნებრივი ბარიერი იმდენად დაბალი აღმოჩნდება დაახლოებით 0,6 %, რომ ბევრს გაუჩნდება განცდა რომ პარლამენტში მოხვედრას თავად უზრუნველყოფს. მაგრამ უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდები,  ცხადია, ამ გზას არ დაადგებიან და გააგრძელებენ სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. იქნება დაქსაქსულობა მაგრამ, თუმცა მეორე მხრივ იყოს დაქსაქსულობა და ბუნებრივი გადარჩევა, გამოჩნდება ვინ არის საკუთარ თავზე ორიენტირებული და ვინ - ქვეყნის საჭიროებებზე . ეს განაცხადი ბოლომდე მისაყვანია, რასაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში, შესაძლებელია რაღაცეები დაზუსტდეს“,– განმარტავს დავით უსუფაშვილი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას აფასებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გივი თარგამაძე.

მისი თქმით, ეს პოლიტიკურ სისტემას გააჯანსაღებს და ქვეყანას იქ მიიყვანს, რომლისთვისაც დღეს რუსთაველის გამზირზე იბრძვიან.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა უბრალოდ გამარჯვებაა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არის, რომელიც გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას და საბოლოოდ, მიიყვანს ქვეყანას იქ, სად მისასვლელადაც იბრძვიან დღეს რუსთაველზე, რისთვისაც დასახიჩრდნენ, რისთვისაც წირავდნენ ცხოვრებას პატრიოტები – დიდ ევროპულ ოჯახში. დანარჩენი ბუღალტერიაა – ვაიმე ეშმაკმა მახე დაგვიგო, ნულპროცენტიანი ბარიერი შემოგვიგდო, ეგ ტრიუკების ოსტატი ახლა პარტიებს დაბეჭდავს, შეაჯვარებს და ისე მოიგებს – სულ ტყუილი შიშებია. ის თავის ელექტორატში ითევზავებს და მაგ ხმებს ერთი პარტიით აკრეფს, თუ ოცდათვრამეტით, ჩვენი თავსატეხი არაა“, – განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძე მიიჩნევს, რომ პროევროპული ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში 50 პროცენტზე მეტს აიღებს.

„ანუ, ქოცები, თავის სატელიტებიანად, პრორუსებიანად, დამარცხდებიან. ეს თუ გამარჯვება არაა, თანაც უმნიშვნელოვანესი, აბა, რა არის? ჩვენ არ გვეშინია ჩვენი კამპანიის წარმოების, არ გვეპარება ეჭვი ჩვენს ძალებში, ჩვენს ხმებს ავიღებთ და ყველა აიღებს თავისას. ჩვენ რუსთაველზე მდგომებს არ ვატყუებთ, რომ „ქოცების“ დამარცხება ჩვენი გამეფებისთვის არ გვინდა. მართლა არ გვინდა. გვინდა, ევროპული პარლამენტი, მმართველობა და ასეთ ცივილიზებულ სისტემაში მკაფიოდ ვხედავთ ჩვენს ადგილს. ასე რომ: დაჭერილები გამოვლენ; გახარია გადადგება“, – წერს გივი თარგამაძე.

ინიციატივას დროულად აფასებს პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც მუდმივად იყო საერთაშორისო და ყველა ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგში. ეს კარგი გადაწყვეტილებაა და საჭიროა ამ სისტემაზე გადასვლაზე. რაც შეეხება საკითხს, რომ შეიძლება მაჟორიტარებმა მხარი არ დაუჭირონ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ მმართველ პარტიაში არ არის შიდა ერთსულოვნება. მესმის, რომ ეს ცალკეული მაჟორიტარებისთვის შეიძლება არასასურველი პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია, რათა ვითარება მოექცეს კანონიერ და სამართლებრივ, მშვიდ, ნორმალურ გარემოში და დიალოგი დაიწყოს საარჩევნო ცვლილებებზე. ამას სჭირდება კონსტიტუციაში ინიცირება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ამას სჭირდება საერთო სახალხო განხილვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეყოფათ გონიერება, გააცნობიერონ ამ გადაწყვეტილების საჭიროება, რაც შეიძლება მოკლე დროში. ამავე დროს, არ სჭირდება ბევრი დრო იმას, რომ როდესაც საუბარია პასუხისმგებლობაზე, ვინც ძალას გადაამეტა 20 ივნისის ღამეს, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დროულად გამოიკვეთოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საჭიროა, იყვნენ ისეთი პარტიები, რომელთაც აქვთ შესაბამისი პოლიტიკური წონა და ჰყავთ მხარდამჭერები.

„შეიძლება, ნულპროცენტიანი ბარიერი ერთი შეხედვით მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ ნული პროცენტი არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ არის. საჭიროა, პარტიები იყვნენ ისეთები, რომელთაც აქვთ შესაბამისი პოლიტიკური წონა და ჰყავთ მხარდამჭერები, ამიტომ თავისთავად ნულოვანი ბარიერი ერთი შეხედვით ჩანს როგორც იოლად გადასალახი, მაგრამ მის გადალახვასაც სჭირდება გარკვეული ორგანიზებული პოლიტიკური ჯგუფი. ამ ვითარებაში შეიძლება დავინახოთ, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, თუმცა საჭირო იქნება საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომ გაუნაწილებელი მანდატები როგორ ნაწილდება, ეს წესიც სამართლიანად დადგინდეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის დროული და გონივრული, რადგან ეს არის ერთგვარი განმუხტვაც და სამართლიანი ნაბიჯიც, რომ საარჩევნო გარემო გახდეს დემოკრატიული, მმართველ პარტიას არ ჰქონდეს დომინანტური სასტარტო პოზიცია, ამიტომ ეს შესაძლებელს გახდის, რომ 2020 წლისთვის მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, თუმცა საჭიროა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, კონსტიტუციაში ცვლილებებზე მუშაობა დროულად დავიწყოთ და იქაც სიზუსტით გაიწეროს ყველა წესი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს მესამ ეპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი „ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი".

„ბავშვებს დასთხარეს თვალები, საოცრებები ჩაიდინეს და თურმე რისთვის? იმისათვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, შეინარჩუნოს დღევანდელი საარჩევნო კომისია, იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე. ე.ი. მანამ, სანამ ყველაფერს დაალაგებს და ყველას დაიჭერს, დახურავს „რუსთავი 2“-ს და ყველასთან „გააიასნებს“ სიტუაციას. 2020 წელს ნულოვანი ბარიერი, რაც მსოფლიოში არ არსებობს, ნიშნავს რუსული პროექტების შეყვანას, პატარ-პატარა პარტიების ყიდვას, გაერთიანებების დაშლას და ამით საბოლოოდ ჩაიდებს ჯიბეში საქართველოს. ამისთვის დგას ხალხი ქუჩაში? ამისთვის დაიღვარა სისხლი და ამისთვის არის მსოფლიოში ამხელა მოძრაობა? ეს კაცი მართლა აბსოლუტურ იდიოტებად გთვლით? ივანიშვილი სრულ პანიკაშია. ვინც ახლა ამას დასთანხმდება, არის ან აბსოლუტურად სულელი ან ჩვეულებრივად ნაყიდი“ - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S