Accentnews.ge
გახარია – გაერო-ს გენასამბლეას: "საქართველო მწვანე ზონად რჩება"

გახარია – გაერო-ს გენასამბლეას: "საქართველო მწვანე ზონად რჩება"

25/09/2020 15:32:59 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიას სიტყვით დისტანციურად მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო, უხილავ მტერს. როგორც გახარია ამბობს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა იმართება დისტანციურად. მისი თქმით, ეს ფორმატი უჩვეულოა და შეიძლება, ისტორიულიც, რადგან ამ დისტანციური ჩართვის მიზეზი აერთიანებს ყველას.

„ადამიანების სიცოცხლეს, ყველგან - მიუხედავად რეგიონის თუ ცხოვრების დონისა, საერთო საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რომლებიც უკვე ათწლეულებია გაეროს დღის წესრიგშია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა არსებული პრობლემები. ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებული შესაძლებლობების სახელმწიფოები, აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე. სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ.COVID - 19-თან ბრძოლაში პროაქტიული გადაწყვეტილებების, ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პაუხისმგებლობის და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 265 პირს დაუდასტურდა, 55 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 265 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S