
აფხაზეთს ემზარ კვიციანი გაახსენდა
26/09/2020 08:33:05 კონფლიქტები
ერთ დროს კოდორის ხეობის უკონტროლო მფლობელ ემზარ კვიციანის სახელს აფხაზეთში იშვიათად იხსენებენ. იმ პერიოდიდან, როცა მის შესახებ სატელევიზიო ეკრანებიდანაც კი საუბრობდნენ, მაინც დიდი დროა გასული. თუმცა ამასწინათ სოცქსელების აფხაზური სეგმენტი ლამის აფეთქდა კომენტარებით კვიციანის «გმირობის» შესახებ კოდორის ხეობის 2008 წლის ცნობილი მოვლენებისას. ზოგიერთი აფხაზი საზოგადო მოღვაწე მას «მხსნელადაც» კი მოიხსენიებდა და ყვებოდა ისტორიას იმის შესახებ, როგორ ეხმარებოდა ემზარ კვიციანი აფხაზ და რუს სამხედროებს, დაუმორჩილებელი მთიანი რაიონი სისხლის გარეშე ჩაეგდოთ ხელში.
მართლაც, ემზარ კვიციანი არაერთმნიშვნელოვანი ფიგურაა და არა მარტო აფხაზეთის ხელისუფლებისთვის. ტყუილად არ მოუნათლავს იგი ადგილობრივ მედიას იმ «სვანური მაფიის» ლიდერად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აწესებდა თავის კანონებს და შემდეგ ასობით ადამიანს ამ წესებით ცხოვრებას აიძულებდა.
«მეტისმეტად დიდი ხნის განმავლობაში მართავდა იგი კოდორის ხეობას, პერიოდულად იცვლიდა რა მფარველებს. ხან ქართველებზე მუშაობდა, ხან — აფხაზებზე, ხან - რუსებზე», - ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე, კოდორის ცნობილი მოვლენების მონაწილე გიორგი. ამასთან, მისი შეფასებით, კვიციანის როლი იმ ვითარების გადაწყვეტაში საკმაოდ გაზვიადებულია. და მეტიც, გიორგის აზრით, კვიციანისნაირი ადამიანისთვის იმუნიტეტის მინიჭება — ეს აფხაზეთის დიდი შეცდომაა.
ეს ახლა ითვლება ყოფილი დამნაშავე პოლიტიკოსად მრავალი ჯილდოთი და წოდებით. ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იგი კოდორის ხეობაში საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელიც კი იყო და საკუთარი შეიარაღებული ფორმირება ჰყავდა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2006-ში, საპოლიციო ოპერაციის შედეგად საქართველოს სამთავრობო ძალებმა ამ ფორმირების წევრთა უმრავლესობის განიარაღება მოახერხეს, თუმცა თავად კვიციანმა და მასთან დაახლოებულმა რამდენიმე პირმა რუსეთში შეძლეს გაქცევა. მხოლოდ 2014-ში — უკვე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში დაბრუნდა კვიციანი საქართველოში, თუმცა აეროპორტშივე დააკავეს და 12 წლით გაასამართლეს შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და ამბოხის გამო. მაგრამ სულ რამდენიმე თვეში, 2015 წლის დასაწყისში, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მან ციხე დატოვა. კიდევ ორიოდ თვეში კი კვიციანი გაწევრიანდა პარტია «საქართველოს პატრიოტთა ალიანსში», რომელიც 2016 წელს პარლამენტში მოხვდა და წელსაც, ოქტომბერშიც აპირებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, ოღონდ უკვე კვიციანის გარეშე: მიმდინარე წლის ივნისში, სკანდალის ფონზე მან «პატრიოტთა ალიანსი» დატოვა, განაცხადა რა, რომ «ნაწყენი არ არის» და «არ სურს, თავისი გიჟური ქმედებებით პარტიას ზიანი მიაყენოს».
ქართული პოლიტიკური ოლიმპისკენ თავისი გზა ემზარ კვიციანმა საკმაოდ არაორდინალურად დაიწყო და შემდგომში ერთგვარი საპარლამენტო ჯამბაზის სტატუსი მოიპოვა.
59 წლის ემზარ კვიციანმა სიცოცხლის განმავლობაში არაერთი შემაძრწუნებელი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, რომელთა განხორციელებაშიც მას ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ. სარგებლობდა რა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოუგვარებლობით, იგი მრავალი წლის განმავლობაში კოდორის ხეობის ერთადერთი და სრულუფლებიანი მმართველი გახლდათ. ამასთან, კვიციანი ერთნაირი წარმატებით ახერხებდა თანამშრომლობას როგორც ქართველ, ისე აფხაზ სამხედროებთან. კოდორის ხეობის 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ერთ-ერთი მონაწილის აღიარების თანახმად, «კვიციანის დახმარების გარეშე აფხაზი და რუსი სამხედროები დიდს ვერაფერს გახდებოდნენ». ჩვენი თანამოსაუბრის განცხადებით, ემზარ კვიციანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწვდიდა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ქართველი სამხედროების დისლოკაციის ადგილის, შეიარაღებისა და სამხედრო ქვედანაყოფების რაოდენობის შესახებ».
ომის კიდევ ერთი მონაწილე, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე რისმაგ აჯინჯალი უფრო დეტალურ ინფორმაციას გვიზიარებს კვიციანისა და მისი გარემოცვის აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შესახებ. სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» იგი წერს: «2006 წლიდან ემზარ კვიციანმა აფხაზების მხარდაჭერა დაიწყო. თავად კვიციანიც და ყველა მისი ნათესავიც ჩვენს მხარეს გადმოვიდნენ და აფხაზური ჯარის შემადგენლობას შეუერთდნენ. ის და მთელი მისი ოჯახი გვეხმარებოდნენ კოდორის ხეობის გათავისუფლებაში». «[...] ერთ-ერთი მისი [ე. კვიციანის] ნათესავი [სავარაუდოდ, საუბარია ამ დრომდე აფხაზეთში მცხოვრებ, აფხაზეთის «მოქალაქეობის» მქონე ბაჩო არღვლიანზე — რედ.] ჩემი შუამავლობით პირადად გადასცემდა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს სასარგებლო სადაზვერვო ინფორმაციას. და იგივე ადამიანი თავის ნათესავებთან ერთად უშუალო მონაწილეობას იღებდა აფხაზური ჯარის საბრძოლო ოპერაციებში», - იხსენებს კოდორის მოვლენებს რისმაგ აჯინჯალი.
2008 წლის მოვლენებისას ქართულ ჯართან დაპირისპირებაში ემზარ კვიციანის დახმარების შესახებ აფხაზურ პრესაში ბევრი დაიწერა. იმავე პერიოდში აფხაზური ტელევიზიის განკარგულებაში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ანონიმებმა სოფელ ლათას ადმინისტრაციის კართან დატოვეს. მასში კვიციანი საქართველოს შსს-ს ხელმძღვანელის მანქანისთვის ცეცხსლის გახსნას აღიარებს და ამბობს, რომ «დანებებას არ აპირებს და განგარძობს წინააღმდეგობას, თუ საქართველო კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრას შეეცდება». ეს ჩანაწერი აფხაზურ არხზე რამდენჯერმე გაუშვეს.
არსებული ინფორმაციით, გაწეული დახმარების სანაცვლოდ ემზარ კვიციანმა აფხაზეთის ხელისუფლებისგან მიიღო იმუნიტეტი. იგი იმაში მდგომარეობდა, რომ აფხაზეთი მას მრავალრიცხოვან სამხედრო და არა მარტო სამხედრო დანაშაულებს ჰპატიებდა და აძლევდა დერეფანს რუსეთში გასასვლელად, სადაც კვიციანი ცხოვრობდა კიდეც საქართველოში დაბრუნებამდე.
კოდორის მოვლენების მონაწილის განცხადებით, კვიციანი უფრო აბრაგს ჰგავდა, რომელმაც თავისი და ოჯახის წევრთა სიცოცხლე საქართველოსგან დაცვაში გაცვალა. «იგი გვეხმარებოდა. ეს უდავოა. მაგრამ დაფიქრდით იმაზე, რომ ეს ადამიანი საკუთარი ტყავის გადასარჩენად ღალატობდა თავის ხალხს, თავის ერს. შეიძლება, ასეთი ადამიანი სანდო და სასარგებლო იყოს აფხაზეთსთვის ან საერთოდ ვინმესთვის?! ის ჩვეულებრივი მოღალატეა, რომელიც ციხის ნაცვლად პარლამენტში იჯდა!», - ამბობს გიორგი.
ზოგიერთების აზრით, ემზარ კვიციანი ამ დრომდე აგრძელებს თანამშრომლობას რუს სამხედროებთან. და საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მისი ასვლა მთლიანად რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერითა და დახმარებით მოხდა. ამბობენ ასევე, რომ იგი აფხაზეთშიც ინარჩუნებდა გარკვეულ გავლენას და დისშვილის მოსანახულებლად რესპუბლიკაში ახლაც საკმაოდ ხშირად ჩამოდის.
ასეა თუ ისე, ემზარ კვიციანის ოდიოზური ფიგურის მიმართ აფხაზეთში ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. და საქმე აქ იმაში არ არის, რომ ის საქართველოში ცხოვრობს და პოლიტიკით ამ კიდევ რამითაა დაკავებული. ის ფაქტი, რომ ის ერთდროულად რამდენიმე ბატონს ემსახურებოდა, აფხაზეთში ზიზღს იწვევს. და ეს — იმის მიუხედავადაც კი, რომ რესპუბლიკაში დღემდე არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც იგი კვლავინდებურად «უხილავი ფრონტის გმირია».
კოდორის ხეობაში კი, სადაც ემზარ კვიციანი მრავალი წლის განმავლობაში ერთპიროვნული მმართველი იყო, ახლა «აღლუმი» მის ნათესავს [ბაჩო არღვლიანს — რედ.] მიჰყავს, რომელსაც, როგორც ჩანს, რაიონის პოლიტიკური სტატუსის შეცვლა არანაირად არ შეჰხებია. ესეც ერთგვარი ჟესტია ემზარ კვიციანის მისამართით აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებების მხრიდან, რომლებიც კვლავინდებურად ხუჭავენ თვალს ამ მთიან რაიონში არსებულ განუკითხაობაზე.
კრისტინა ავიძბა
______________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
______________________________________________________________________________
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას