
"ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩემი მმართველობის პერიოდში მოხდა რწმენის და ტრადიციული ფასეულობების აღორძინება"
26/09/2020 10:00:56 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, "ძალა ერთობაშიას" პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ "საქართველოს ხელისუფლება მის წინააღმდეგ ოპოზიციის ნაწილს ავალებს, რომ სხვადასხვა კამპანია წამოიწყონ, ლანძღონ, ბილბორდებზე გამოფინონ". თუმცა, მისი თქმით, ქართველი ხალხი კარგად ხედავს განსხვავებას.
"როგორია ახლა ტაქტიკა არსებული ოლიგარქული წყობის – დაცვის პირველ ხაზად ისინი იყენებენ ოპოზიციური ჯგუფების რაღაც ნაწილს, რომელთაც აქტიურად მისცეს დავალება, ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს, სააკაშვილის ლანძღვის. ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა არა ჩემი პიროვნება, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ჩემთან. იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში საქართველოში ისევ დაიწყება სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა – სისხლისსამართლებრივი დევნა და რევანში, რომლის წინააღმდეგი ვარ მე პირადად კატეგორიულად და ეს არ განხორციელდება, ვინაიდან ქვეყანამ არ შეიძლება, ერთსა და იმავე წრეზე იაროს. მაგრამ მათი დასჯა იქნება ჩვენი სწარფი განვითარება და ეს შეგვიძლია ჩვენ", – აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლების ახლანდელი გეგმა სხვადასხვა მონტაჟების გაკეთებაა, ნამდვილი თუ ტყუილი ჩანაწერების "გამოყრა" და ბილბორდებზე მისი და წარსულში თუ ახალ მასთან ასოცირებული პირების "მოჭყანული სახეების" დახატვაა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, "ხელისუფლება ამ გზით ცდილობს ხალხი დააშინოს, რომ "მგელი მოდის, ბუა მოდის":
"რაც მეტად გამომხატავთ ბილბორდებზე, მით უმეტეს, რომ კანონით აკრძალეთ საარჩევნო რეკლამებში ჩემი ჩვენება, მით უფრო კარგი ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა იცის, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, თქვენს დროს შემცირდა; ჩვენს დროს იყო სწრაფი პროგრესი და თქვენს დროს საქართველო პრაქტიკულად გაქრა რუკიდან. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ჩვენ დროს მოხდა აღორძინება და მკვეთრი გაძლიერება საქართველოში რწმენის, ქართველური ტრადიციული ფასეულობების… ჩვენს დროს აღდგა ბაგრატი და ასეულობით სხვა ძეგლი და თქვენ გაანადგურეთ გელათი. მართლა გული მიკვდება ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. ქართველმა ხალხმა იცის განსხვავება და რაც მეტად შეახსენებთ, მით უკეთესი".