Accentnews.ge
"ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რათა აფხაზებმა, ქართველებმა, ყველამ ერთად ეკონომიკურად ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ"

"ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ, რათა აფხაზებმა, ქართველებმა, ყველამ ერთად ეკონომიკურად ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ"

27/09/2020 06:53:13 კონფლიქტები

ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის – აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარიამ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური გმირთა მოედანზე თბილისის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

„დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის – აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. ფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 000–ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფხაზეთიდან დევნილი 300 000 ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2000–მდე აფხაზი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S