
"პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის"
27/09/2020 07:58:22 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პანდემია 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.
მისი თქმით, მთავარია, მოქალაქეებმა რეკომენდაციები დაიცვან და ვირუსთან თანაცხოვრებას მიეჩვიონ.
"პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამ მინდა გითხრათ, დღეს განვითარებულ მსოფლიოში პირბადეზე, დისტანციასა და ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერავინ მოიგონა, ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო და ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვაქვს, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამასთან თანაცხოვრებას. მარტივია ინფექციის გაჩერება. დავიცვათ ელემენტარული წესები, არ არის ეს რთული", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის: ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19 294 პირს დაუდასტურდა, 87 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1906 პირი განიკურნა, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5674 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 800 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.
ამ დროისთვის კვლავ „წითელ ზონად“ რჩება აჭარის რეგიონი.