იმამყულიევის ცნობით, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს
28/09/2020 18:29:32 სამართალი
„ევროპული საქართველოს“ წევრის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის ცნობით, სადახლოში „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს ესროლეს, სავარაუდოდ, ტირის თოფით.
მისივე ცნობით, თავდასხმა ბანერის გაკვრისას მოხდა.
"ტყვია ფეხში მოხვდა. ის საავადმყოფოში მოვიყვანეთ, რის შემდეგაც მოვედით პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე", - განაცხადა იმამყულიევმა.
ცნობისთვის: 27 სექტემბერს ბოლნისში ენმ–სა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პარტიები ინციდენტში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დაპირისპირების შემდეგ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩასულ კოლონას უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს, დაშავდა მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
კიდევ ერთი თავდასხმა თბილისში, გლდანულაში მოხდა: ოპოზიციის კანდიდატს ნიკა მელიას დაესხნენ თავს – მას ერთ-ერთ სკვერში ქვები და კვერცხები ესროლეს.


