
„თბილღვინოს“ ხელმძღვანელი შესაძლო ემბარგოზე: დარგმა ეს ერთხელ გადაიტანა და კიდევ გადაიტანს
24/06/2019 15:50:16 ეკონომიკა
„თბილღვინოს“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყების იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, „ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა“ და „როსპოტრებნადზორმა“ კონტროლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.
მარგველაშვილი აცხადებს, რომ ღვინის ხარისხთან დაკავშირებით „როსპოტრებნადზორთან“ ამ დრომდე პრობლემა არ ჰქონიათ.
რაც შეეხება რუსეთის ბაზრის წილს მთლიან გაყიდვებში, „თბილღვინოში“ აცხადებენ, რომ დღეისთვის რუსულ ბაზარზე მათი პროდუქციის 20% გადის, მოსალოდნელი ემბარგოს პირობებში კი, დარგი მას „კიდევ ერთხელ გადაიტანს.“
„თუ ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესდება ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. ასეთ ფაქტს წარსულში უკვე ჰქონდა ადგილი და მათ შეუძლიათ ეს ბერკეტი ისევ გამოიყენონ. ჩვენ ხარისხზე არასდროს გვქონია მათთან პრობლემა; დღესდღეობით, ჩვენი პროდუქციის დაახლოებით, 20% გადის რუსეთში ექსპორტზე. ვცდილობთ, რომ ჩვენს პორტფელში მათი წილი მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს და ეს 20-25%-ს არ სცდება. დარგმა ეს ერთხელ გადაიტანა და კიდევ ერთხელ გადაიტანს. ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ არ ველი, რომ ეს მოხდება“, - განაცხადა, bm.ge–ს ცნობით, მარგველაშვილმა.
იხილეთ ასევე: კრემლი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ტურიზმის შემდეგ ღვინის მიმართულებითაც გეგმავს