Accentnews.ge
ვითარება ყარაბაღში და საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

ვითარება ყარაბაღში და საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

29/09/2020 05:12:02 კავკასია

დაპირისპირებული მხარეები იუწყებიან, რომ მთიან ყარაბაღში, ფრონტის ხაზზე დაძაბული საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა სცადეს დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, თუმცა აზერბაიჯანის არმიის დანაყოფებმა მოწინააღმდეგის მცდელობები აღკვეთეს. აზერბაიჯანის განცხადებით, საარტილერიო ცეცხლით განადგურებულია მოწინააღმდეგე მხარის ერთი ტანკი, ერთი სამხედრო მანქანა, მოკლულია 10 სამხედრო.

თავის მხრივ, სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ცხრა წლის ბავშვის დაღუპვისა და დედის დაჭრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ კონფლიქტის ზონაში სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება; რომ სომხეთის სამხედრო დანაყოფებმა ფრონტის ხაზის რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იერიში და რამდენიმე მონაკვეთზე სადამსჯელო ზომებს მიმართეს, რითაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს როგორც ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის მხრივ.

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებებს მათი თავდაცვის ძალების კიდევ 26 სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 84 სამხედრო დაიღუპა

მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო საზოგადოება ეხმიანება და მახრეების ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ცნობილია, რომ საკითხის ირგვლივ გაერო–ს უშიშროების საბჭოს გეგმავს შეკრებას. მანამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა.

„კანადა და დიდი ბრიტანეთი ღრმად შეშფოთებულები არიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში კონტაქტის ხაზის გასწვრივ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობების გამო. უკიდურესად შემაშფოთებელია ინფორმაცია დასახლებების დაბომბვისა და სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პატივისცემისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისკენ“, – ნათქვამია ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების განცხადებაში.

დომინიკ რააბი და ფრანსუა-ფილიპ შამპანი მხარდაჭერას უცხადებენ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მუშაობას.

„ამ კონფლიქტის ნებისმიერი გადაწყვეტა უნდა გამორიცხავდეს ძალადობას და მოიცავდეს მოლაპარაკებების გზით მშვიდობიან დარეგულირებას ეუთო-ს მინსკის ჯგუფის პროცესის ფარგლებში“, – ნათქვამია კანადისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს გერმანიის ფედერალური მთავრობა.

მედიის ინფორმაციით, მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ზიბერტმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები „უკიდურესად სახიფათო სიტუაციად“ შეაფასა და ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობას.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი რანგის შეხვედრას უმასპინძლოს.

შვეიცარია შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ძალადობრივი კონფრონტაციის გამო და მოუწოდებს ყველა მხარეს, შეინარჩუნონ რეგიონული სტაბილურობა და შეწყვიტონ ძალის გამოყენება.

შვეიცარია შეახსენებს ორივე მხარეს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, კერძოდ, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ვალდებულებას.

„ვინაიდან კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს, არსებითი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ და წინასწარი პირობების გარეშე უნდა განახლდეს. შვეიცარია სრულად უჭერს მხარს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევას მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის დასარეგულირებლად და მზად არის, უმასპინძლოს მაღალი დონის შეხვედრას, როგორც ეს წარსულშიც გაკეთებულა“, – ნათქვამია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკალისტერის განცხადებით, ევროპარლამენტი შეშფოთებულია მთიანი ყარაბაღის რეგიონში ვითარების ესკალაციის გამო და მხარეებს სამხედრო კონფრონტაციის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ევროპარლამენტი უკიდურესად შეშფოთებულია მთიანი ყარაბაღის რეგიონში ძალადობის ესკალაციის განახლების გამო. ჩვენ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. მოვუწოდებთ სამხედრო კონფრონტაციების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. როგორც ევროპარლამენტს არაერთხელ განუცხადებია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტილება არ აქვს. ამის ნაცვლად, მას სჭირდება პოლიტიკური დარეგულირებისკენ მიმართული ძალისხმევა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ეუთო-ს მინსკის ჯგუფისადმი აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შუამავლობის პროცესში. იმისათვის, რომ ამ შუამავლობას წარმატების შანსი ჰქონდეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებმა მკაცრად უნდა დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ხელი შეუწყონ მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნას და სასწრაფოდ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს წინასწარი პირობების გარეშე და კეთილსინდისიერად“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S