
ვითარება ყარაბაღში: სომხეთი დაპირისპირების არეალის გაფართოების შესახებ იუწყება
29/09/2020 11:10:05 კავკასია
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ოიციალურ ვებ–გვერდზე სპეციალურ გაფრთხილებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 29 სექტემბრის დილიდან აზერბაიჯანმა არცახის არმიის თავდაცვის თითქმის მთლიან ხაზზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციები განაახლა და სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი არიან, ცეცხლსასროლი იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დიდ ტერიტორიებზე გამოიყენონ.
მანამდე მხარეებმა კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ცნობები გაავრცელეს: სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მიერ ქალაქ ვარდენისის დაბომბვას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ერევანში ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, აზერბაიჯანი თურქეთის აქტიური დახმარებით, საომარი მდგომარეობის გეოგრაფიას აფართოებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული ქვედანაყოფის უკუგდება შეძლეს და აზერბაიჯანის მხარეს ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები აქვს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი „ტოსის“ და „სმერჩის“ მსხვილკალიბრიან საარტილერიო დანადგარებს იყენებს.
თავის მხრივ, ბაქოში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მადაგიზეში სომხეთის არმიის ერთი ლეგიონის სრული დემორალიზება მოხდა და პირადი შემადგენლობა პანიკაშია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერიოზულად არის დაჭრილი სომხეთის არმიის მე-18 მოტომსროლელი დივიზიის მე-9 ლეგიონის მეთაური არტიომ პოღოსიანი.
მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს დაძაბა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, საომარი მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ეს მხარეებს შორის 1990–იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტაკებაა. არსებობს კონფლიქტში თურქეთისა და რუსეთის ჩართვის რისკიც.