Accentnews.ge
"მარნეულში ენმ–ის აქტივისტები "ოცნების” ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა დაიწყეს"

"მარნეულში ენმ–ის აქტივისტები "ოცნების” ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა დაიწყეს"

29/09/2020 19:42:09 საშინაო პოლიტიკა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხირდან დღეს საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვიხილეთ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და აღნიშნული საქმის გამოძიება დაწყებულია.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივმა ძალადობა არ იკმარა და ამჯერად, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მათი აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება.

ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის: პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მარნეულში დღეს საღამოს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს „ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მთავრი არხის" ინფორმაციით, მარნეულში მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს.

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი დაცული. ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები იქნება მყისიერად ჩატარებული. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა.

მისი თქმით, ინციდენტში დაზარალებული პირები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და დაკითხვის შემდეგ, უწყება დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S