
რუსთაველზე მიმდინარე აქციას ყოფილი პირველი ლედი შეუერთდა
24/06/2019 16:49:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
რუსთაველზე მიმდინარე აქციას ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შეუერთდა.
„ჩემთვის მთავარია სისხლი აღარ დაიღვაროს, მიმდინარე პროცესი გადავიდეს ისეთი ტიპის მოლაპარაკებებში, რომ ეს არ ხდებოდეს ჯოხით, იარაღით, მუქარით, თუ ასეთი მოლაპარაკება შედგება და ამ ადამიანებს დაუკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურად მიმაჩნია, იმ ფონზე, რასაც გავრილოვის ჩამოსვლა ჰქვია და ის, რაც ამას მოჰყვა – ვგულისხმობ იმას, თუ როგორ დაასისხლიანეს პროტესტის მონაწილეები – სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მე მოლაპარაკებებს მხოლოდ მივესალმები. მინდა, რომ ადამიანებმა მათ კითხვებზე მიღონ ნორმალური, ცივილიზებული და სრული პასუხი“, – განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა სიტყვით გამოსვლას დღევანდელ აქციაზე, ჩიჩუამ განაცხადა, რომ ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლას მიჩვეული არ არის და ძალიან ინერვიულებს.
რაც შეეხება გახარიას გადადგომის მოთხოვნას, ჩიჩუას აზრით, როდესაც ადამიანს დააკისრეს გარკვეული ფუნქციების შესრულება და მას ამის შესრულება ჯეროვნად არ გამოუვიდა, ასეთმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადადგომის გადაწყვეტილება.