
სააკაშვილი – მარნეულის ინციდენტებზე: "ზუსტად ასე გვიკეთებდა 2003-ში ასლან აბაშიძე. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს"
30/09/2020 05:03:30 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის და მმართველმა პარტიამ ძალადობაზე პირდაპირი ბრძანება გასცა.
სააკაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" პანიკაშია და ეს არჩევნების წაგების შიშითაა გამოწვეული.
"მათ არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის. ქართველი ხალხი ემზადება ქვეყნის დასაბრუნებლად. ეს იცის მმართველმა გუნდმა და რა დარჩენია გარდა ძალადობისა და ტყუილისა. ტყუილსა და ძალადობას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ერთად არჩევნებზე მისვლით, სხვა გზა მე არ ვიცი. ნიკა მელიას რაც გაუკეთეს გლდანში... ღმერთმა დაიფარა ის ბავშვები. იმავე დღეს ხდება იგივე ბოლნისში და რამდენიმე დღეში მარნეულში, ეს შემთხვევითობა არაა, ამის ბრძანებაა გაცემული. არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. ზუსტად ასე გვიკეთებდა 2003-ში ასლან აბაშიძე. ამან აბაშიძეს და შევარდნაძეს არ უშველა და არც ივანიშვილს უშველის", - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის: პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მარნეულში 29 სექტემბერს, საღამოს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს „ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ.
"საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მთავრი არხის" ინფორმაციით, მარნეულში მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი დაცული. ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები იქნება მყისიერად ჩატარებული. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა.
მისი თქმით, ინციდენტში დაზარალებული პირები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და დაკითხვის შემდეგ, უწყება დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.
ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.