
ჟურნალისტი: „უმოწყალოდ მცემდნენ...გვერდით იდგნენ სამართალდამცველები“
30/09/2020 08:08:36 სამართალი
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი მარნეულში გვიან ღამით განხორციელებული თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ინციდენტში მონაწილე პირებიდან ორის ამოცნობა შეუძლია.
„5-6 მუშტი ვიგრძენი – ერთდროულად დამარტყეს. დარტყმის შემდეგ დავვარდი, ადგომას ვაპირებდი და კიდევ ერთი წიხლი ვიგრძენი უკნიდან. რკინა და ხეა, იქ ჩამსვეს და იქ მირტყამდნენ. უკნიდან რომ ჩამარტყეს, თვალთ დამიბნელდა და ვიფიქრე, თუ არ ავდგები, მომკლავდნენ. ასეთი შეგრძნება მქონდა. მიკროფონი სად დამივარდა... ოპერატორს რა მოუვიდა... ოპერატორის კივილი მახსოვდა მხოლოდ. ხოხიალით ამოვედი იქიდან, 20 მეტრი ძლივს ამოვედი, ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა, გამესწრო იქიდან. მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა. გამოვედი იქ, კიბეებია, ამოვედი თუ არა ვიყვირე პოლიცია სად ხარ და ასფალტზე დავეცი. გონება მთლიანად არ დამიკარგავს. გვერდით იყვნენ სამართალდამცავები, სადაც მე დავეცი. 5 წუთით ადრე, ჩემს დაცემამდე, ოპოზიციის ხალხი დაასისხლიანეს, მანქანა დაამტვირეს. გარშემო იყვნენ პოლიციელები, როგორ ვერ დაინახეს? 3-4 წუთის განმავლობაში გვცემდნენ. მე ორი პიროვნების ამოცნობა შემიძლია, ერთ-ერთი კადრშიცაა მოხვედრილი. მე ამ ხელისუფლების სამართალდამცავებისგან კარგს და სამართლიანობას არაფერს ველი. ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დაჭერით, მოკვლით, საქმის გარჩევით მემუქრებოდა. რა რეაგირება იყო? პირიქთ, იმ ადამიანის თამადობით თავს დაესხნენ სხვას“, - განაცხადა ჟურნალისტმა.
ცნობისთვის: გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.