
საპარლამენტო ოპოზიცია: „გახარია უნდა გადადგეს, პარლამენტში აღარაფერი ესაქმება"
24/06/2019 17:06:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში სესიაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.
საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე:
"ვითხოვდით, რომ ხვალ ის ტრაგიკული მოვლენები განგვეხილა, რაც დატრიალდა და დარბაზში რუსი კომუნისტის შემოთრევით მოხდა. ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დანიშვნაზე პირველი ნაბიჯები გადადგა და იმის ნაცვლად, რომ ვითარება დააწყნაროს, ახლა თქვეს, რომ დამნაშავე გახარია პარლამენტში პარასკევს უნდა მოვიდეს და მოვუსმინოთ. მთელი ქვეყანა გახარიას გადადგომას ითხოვს, რათა მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. საზოგადოების სრული იგნორირებით უტიფრად უნდათ, გახარია მოიყვანონ. ცეცხლზე ნავთს ასხამენ. შეგნებულად აღიაზნებენ ხალხს, შეგნებულ პროვოკაციაზე მოდიან. გაფრთხილებთ, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ, რადგან გარეთ სხვა განწყობაა, რასაც ვერ ხედავთ. გახარია ამ დარბაზში ვერ შემოვა, ამის პირობას გაძლევთ. გახარია ვერ შემოვა, გავრილოვი შემოვიდა და დარბაზს დავიცავთ. "ქართულმა ოცნებამ" დარბაზი წაბილწა და კეთილი ინებონ, სხდომათა დარბაზს დეზინფექცია ჩაუტარონ, სანამ შევალთ. პარლამენტში. გახარია ვერ მოვა, ხელისუფლება პროვოკაციას გვთავაზობს, პროვოკაციის აცილების გზა გონივრული გადაწყვეტილებაა - გახარია უნდა გადადგეს“.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი:
„გახარიას განმარტებები არ გვაინტერესებს. ნათელი სურათი რა ხდებოდა გავრილოვის ღამეს, ეს საკუთარი თვალით ვნახეთ, რადგან იქ ვიდექით და ვიცით, გახარია რაზე არის პასუხისმგებელი. პასუხისმგებელია, ოკუპანტების გამო საკუთარი მოქალაქეების დასახიჩრებასა და მხედველობის დაკარგვაში. გიორგი გახარიას ვურჩევ, ჯერ გადადგეს და შემდეგ მობრძანდეს და მოვუსმენთ“;
სერგი კაპანაძე:
"როგორც ყორანი ვერ გათეთრდების, ისე ვეღარ გაათეთრებენ ვერანაირი სიტყვით გამოსვლით გახარიას. მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს და უნდა გადადგეს".