
ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში ბენეფიციარების მიღება დროებით შეწყდა
30/09/2020 09:04:28 რეგიონები
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალურ სასადილოებში ბენეფიციარების მიღება დროებით შეწყდა.
მერიის განცხადებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებასა და მუნიციპალური სასადილოს რამდენიმე თანამშრომლის კოვიდ-19-ით ინფიცირებას უკავშირდება.
"ვირუსის გავრცელების მაღალი რისკიდან გამომდინარე, 27 სექტემბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე #6 სასადილოს გარდა, ყველა მუნიციპალური სასადილოს მუშაობა შეჩერებულია. აღნიშნული სასადილო განაგრძობს მუშაობას დროებითი ღამის თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის სადილის მომზადებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის სადილის ბინაზე მიტანის მიზნით.საკვები პროდუქტების 1 თვის მარაგის გაცემა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმის მერიაში ასევე აცხადებენ, რომ სასურსათო პროდუქტების მარაგი გაიცა მუნიციპალურ საბავშვო ბაღებშიც.
საქართველოში 30 სექტემბერს ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას უკავშირდება. NCDC-ს ცნობით, გუშინ, 29 სექტემბერს, ქვეყანაში 8 352 PCR ტესტი ჩატარდა.