Accentnews.ge
"თუ არ იქნება პროვოკაცია ოპოზიციისგან, არჩევნები წარიმართება მშვიდად"

"თუ არ იქნება პროვოკაცია ოპოზიციისგან, არჩევნები წარიმართება მშვიდად"

30/09/2020 11:51:29 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს ოპოზიციას უკავშირებს. მან საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს "რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციაა".

"ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც ჩვენ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას", - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პრევენციული ღონისძიებების მიუხედავად, ოპოზიციამ პროვოკაციები მოაწყო. მან პროვოკაციებში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ნიკა მელია და ახმედ იმამკულიევი და "ძალა ერთობაშიას" ახალი წევრის კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერები დაადანაშაულა. კობახიძემ ამ კონტექსტში თქვა, რომ ოქრიაშვილის მათი პარტიიდან ჩამოცილება სწორი გადაწყვეტილება იყო.

"არაერთგზის გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ. თუ არ იქნება პროვოკაციები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არჩევნები წარიმართება ისეთივე მშვიდ გარემოში, როგორც წარიმართებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მარნეულში 29 სექტემბერს, საღამოს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს „ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მთავრი არხის" ინფორმაციით, მარნეულში მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი დაცული. ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები იქნება მყისიერად ჩატარებული. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა.

ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S