
"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, შევინარჩუნოთ რუსი ტურისტები"
24/06/2019 18:39:29 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მზადაა, არსებული გამოწვევების ფონზე ბიზნესს მხარში ამოუდგეს.
„ამასთან, ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ტურისტულ ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე“, – განაცხადა თურნავამ
მისი თქმით, ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, საქართველოს ბაზარზე რუსი ტურისტი შენარჩუნდეს.
"არსებული გამოწვევების ფონზე, კარგად გვესმის ბიზნესის წუხილი, მზად ვართ და აღვუთქვით გვერდით დგომა, რათა მაქსიმალურად შევარბილოთ კრიზისით გამოწვეული პოტენციური, ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე" განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან ტუროპერატორებთან შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის თხოვნა სრულად გასაგებია, რომ აღნიშნული სეგმენტი არ დაიკარგოს, რადგან მომგებიანია.
„საქართველოს ტურისტული ბაზარი არის ფართო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს – ტურისტი ირჩევს საქართველოს. ეს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარია და არც ერთი მიმართულება არ არის დომინანტი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, რუსეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ქართულ ბაზარზე 25%–ს შეადგენს.
„ამიტომ გვესმის ბიზნესის თხოვნა, რომ არც ეს სეგმენტი დავკარგოთ, რადგან ის მათთვის მიმზიდველი და მომგებიანია. ჩვენს ვუსმენთ ბიზნესს და ვალდებულები ვართ, სხვა გეგმებთან ერთად ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილა.
შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.