
არსებული ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო – შენობაში მოქალაქეები იმყოფებოდნენ
01/10/2020 20:20:43 რეგიონები
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.
უწყების ცნობით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესულია 400-მდე შეტყობინება. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.
„მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით“,– აცხადებენ უწყებაში.
აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით. ამ დროისთვის, ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მომხდარია.