Accentnews.ge
დროშის “მეგობრული” დაწვა, რომელმაც აფხაზურ საზოგადოებაში მტრული განწყობები გააღვივა

დროშის “მეგობრული” დაწვა, რომელმაც აფხაზურ საზოგადოებაში მტრული განწყობები გააღვივა

02/10/2020 10:09:20 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე არ ცხრება მღელვარება, რომელიც საქართველოს მოქალაქის, 27 წლის ირაკლი (ნიკა) ბებუას საქციელს მოჰყვა. 30 სექტემბერს – იმ დღეს, როდესაც აფხაზები “სამამულო ომში გამარჯვების” 27-ე წლისთავს აღნიშნავდნენ, მან გალის ცენტრში აფხაზური დროშის დაწვა სცადა.

ბებუას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ, რომ ირაკლი აფხაზეთის ომს არც შესწრებია – ომის დასრულების წელს დაიბადა. ბებუა ცხოვრობდა უმთავრესად თბილისში, მაგრამ ხშირად ინახულებდა ბებიას გალში, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი უკვე მუდმივად იქ იმყოფებოდა. ირაკლი არასოდეს ყოფილა განსაკუთრებით აქტიური სოცქსელებში, არც პოლიტიკური კუთხით ყოფილა ოდესმე შემჩნეული აქტივობებში. ნათესავების ინფორმაციით, იგი ღრმად მორწმუნე ახალგაზრდაა, დროის დიდ ნაწილს მონასტრებში ატარებდა და ბერადაც კი აპირებდა აღკვეცას. აქედან გამომდინარე, ბებუას საქციელი მათთვისაც მოულოდნელი იყო.

დემონსტრაციული აქტის განხორციელებიდან ერთ საათში ირაკლი დააკავეს. ამ ქმედების მოტივები ახალგაზრდამ სახეზე კეთილი ღიმილით ასე განმარტა დაკითხვისას, რომლის ამსახველი კადრები ელვის სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში:

«რა თქმა უნდა, გაცნობიერებულად გავაკეთე – სხვაგვარად ასეთი რამ როგორ უნდა ქნა?! არც დროშის საწინააღმდეგო მაქვს რამე, არც აფხაზების. პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ ძმები, როგორც ადრე, უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს. ყველას პატიებას ვთხოვ, ვისაც ეწყინა, ყველას წინაშე მუხლს ვიდრეკ. ამით მხოლოდ ის მინდოდა, მეთქვა, რომ ჩვენს შორის განხეთქილებას, მტრობას, ჩვენს დაშორებას არ უნდა ვზეიმობდეთო».

სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ნამდვილი ქარიშხალი ამოვარდა. ინტერნეტ-მომხმარებელთა უმრავლესობა რისხვას გამოხატავდა და უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე ეჯიბრება ერთმანეთს ბებუას უმოწყალო დასჯის “დახვეწილი” მეთოდების შეთავაზებაში:

“თან როგორ ცინიკურად იღიმის [ბებუა - დაკითხვის ვიდეორგოლში]! დაგვცინის კიდეც! წამებით უნდა მოკლა ეს არაკაცი!”;

«არა, არ მოვკლათ – შარია, მაგრად ვცემოთ და გავაგდოთ სამშობლოში!»;

«მინიმუმ, ცხვირი მაინც უნდა დავუმტვრიოთ – ესეც არ ვქნათ?!»;

“საბურავი ჩამოვაცვათ თავზე და დავწვათ!”;

“ასეთ დროს კაცი ნანობ, რომ საჯაროდ ძელზე გასმის პრაქტიკა აღარაა, ან როგორც ირანში, მოედნებზე თავქვე ჩამოკიდების!”...

«ჯამბაზი! საკუთარი თავი დაეწვა – მსხვერპლად გაეღო “მეგობრობისთვის!»;

“ეს ჩვენი სამართალდამცველებიც კარგები არიან – მარტო ჩვენი ცემა ეხერხებათ! უნდა შეუვარდე ეხლა, გამოგლიჯო ხელიდან ეს არაკაცი და ლინჩის წესით გაასამართლო!”.

ძალადობისკენ მოწოდებებმა იმდენად იმძლავრა, რომ საუბარში ომის ერთ-ერთი აფხაზი ვეტერანი ჩაერთო:

«ეს ჭკუანაკლული რომ ჩემს საბრძოლო მეგობრებს გადაჰყროდათ, ერთ წიხლს ამოსცხებდნენ და გაუშვებდნენ. მაგრამ ჩვენი “დივნის ექსპერები” სხედან აქ და მისი სიკვდილით დასჯის ერთი მეორეზე ვანდალურ ხერხებს იგონებენ!».

"დაფიქრებისკენ" მოუწოდა აფხაზ ინტერნეტ-მომხმარებლებს პოლიტიკოსმა თენგიზ ჯოპუამაც:

«[…] დააკვირდით, რას ამბობთ და რას წერთ! ძალიან გვინდა, ხვალ ჩვენმა მეზობლებმა [ქართველებმა] იძახონ, რომ ჩვენ ეს იდიოტი ვაწამეთ, მერე იგი “წამებულად” შერაცხონ და მთელს საქართველოში ათრიონ ცხედარი საჩვენებლად?! […] ეს იდიოტი [ქართველებს] ცოცხალი უნდა დავუბრუნოთ. ჩვენ მარტოხელა ჭუანაკლულებსა და გასტროლიორ ჯამბაზებს არ ვებრძვით. ასე ისინი [ქართველები] იქცევიან».

ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა თავის კომენტარში აფხაზეთში ცნობილმა მოსკოველმა კირილ ბაზილევსკიმაც:

«[ირაკლი ბებუა] იდიოტია – ეს ცალსახად ასეა და მეც უკმაყოფილო ვიქნებოდი, რუსეთში რომ ვინმეს რუსული დროშა დაეწვა. ჭკუანაკლულებს არ უბრაზდებიან. მით უფრო, რომ ბებუა დაისჯება და მინიმუმ, ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. მაგრამ არასასიამოვნოდ გამაოცა სოცქსელის აფხაზურ სეგმენტში აბსოლუტურად ველურმა, ცივსისხლიანმა კომენტარებმა. «მოვკლათ, დავხვრიტოთ, ძელზე გავსვათ, თავზე საბურავი ჩამოვაცვათ და დავწვათ»... ხალხო, სულ დაკარგეთ გონება? თუ ეს მართლაც გსურთ, კაციჭამიები ყოფილხართ, ხოლო თუ ამას ემოციურ ფონზე წერთ – იდიოტები! ერთის მხრივ, წერთ, აფხაზეთმა ცივილიზებული სახელმწიფოს იმიჯი და საერთაშორისო აღიარება უნდა მოიპოვოსო, ხოლო მეორეს მხრივ, აგრესიული ველურებივით იქცევით... მინდა, გითხრათ, რომ ქართველები მთელს ამ შემოქმედებას სიამოვნებით რეპოსტავენ».

შფოთვა სოცქსელების ქართულ სეგმენტსაც გადაედო. ბევრმა მომხმარებელმა ირაკლის საქციელი "გმირობად" შეაფასა, ზოგმაც – დაუფიქრებლობად, იმის გათვალისწინებით, რაოდენ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება გალის ოკუპირებულ რაიონში ქართველებს. მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ამის გამო ადამიანის მკვლელობა, როგორ მტრადაც არ უნდა მიგაჩნდეს იგი, დაუშვებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ დროშის დაწვა განვითარებულ სახელმწიფოებში, მაგალითად, აშშ-შიც ნეგატიურ რეაქციას იწვევს, თუმცა იქ ის პროტესტის გამოხატვის ფორმადაა აღიარებული და ეს უფლება გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

მაგრამ აფხაზეთში ყველაფერი სხვაგვარადაა. და ეს 3 წლის წინ არაქართველის მიმართაც გამოვლინდა. მაშინ ეროვნებით სომეხმა გაგრელმა მოზარდმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჭაღზე დაკიდებულ აფხაზურ დროშას ტაიკვანდოში ვარჯიშის დროს, ერთ-ერთი ილეთის შესრულებისას ფეხის მოქნევით ძირს აგდებდა. დე ფაქტო ადმინისტრაციამ მაშინ ვეტერანების, საზოგადოებრიობისა და ოჯახის წარმომადგენლების მონაწილეობით კრება გამართა, თუმცა გადაწყდა, მომხდარში არა ეროვნებათაშორისი შუღლი ან პოლიტიკა განეჭვრიტათ, არამედ ბიჭის მხრიდან "საკუთარ ქმედებებზე სრული უპასუხისმგებლობა". მოზარდი აიძულეს, ახალი ვიდეო გამოექვეყნებინა, რომელშიც იგი მუხლმოდრეკილი ბოდიშს იხდიდა და იატაკზე გაფენილ აფხაზურ დროშას ემთხვეოდა.

ირაკლის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ის აღარც არასრულწლოვანია და თან საჯაროდ აღიარა, რომ აცნობიერებდა, რას აკეთებდა. ამ დროისთვის ბებუა გალის იზოლატორში იმყოფება. მას 30-დღიანი ადინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული და როგორც “სახელმწიფო სიმბოლოკის შეურაცხყოფას”, ისე “დამამძიმებელ გარემოებებში ქონების განზრახ დაზიანებას” ედავებიან. თუმცა ბებუას ბრალი შესაძლოა, საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის მუხლითაც წაუყენონ: 1 სექტემბრის საღამოს დე ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მის საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს, რომელიც “საბრძოლო მასალას წარმოადგენს და ვარგისია გამოყენებისთვის”. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დეტალებს აფხაზური მხარე არ ამხელს.

სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ძალადობისკენ მოწოდებების ფონზე ბებუას ნათესავები შიშობენ, მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიზიკურად არ გაუსწორდნენ.

«მთავარია, არ მოკლან, – განუცხადა ტვ «პირველს» ირაკლი ბებუას ბიძამ. – მათ თვალში ის დამნაშავეა... როცა დამოუკიდებლობის დღეს ადამიანი შენს დროშას წვავს... რა თქმა უნდა, დააკავებ და გაასამართლებ. მაგრამ მთავარია, ფიზიკურად არ გაუსწორდნენ, მისი ჯანმრთელობა არ დადგეს საფრთხის ქვეშ».

საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფლებელია და მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.

თბილისი ბებუას დაკავებას მკაცრად გმობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა.

«ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში ჩვენი მორიგი მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტი იმ არალეგალური და შემაშფოთებელი პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უკვე წლებია, ხორციელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ, მათ შორის – ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის სახით. მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას და მთლიანობაში ადგილზე არსებულ ვითარებას. არსებული მექანიზმების გამოყენებით ვაგრძელებთ შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობას ირაკლი ბებუას უმოკლეს ვადებში, უპირობო გათავისუფლებისთვის» - აღნიშნა მან.

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ბებუას დაკავებით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ. აი, რიგით აფხაზებს შორის კი ბევრს ეეჭვება, 30 სექტემბრის აქტი ირაკლი ბებუას კერძო ინიციატივა ყოფილიყო.

«თუ მისი ლოგიკიდან ამოვალთ, მაშინ ქართული დროშაც უნდა დაეწვა და მერე ესაუბრა მეგობრობაზე! მაგრამ ეს, როგორც ჩანს, მისი თბილისელი კურატორების გეგმაში არ შედიოდა - ეს იყო გამიზნული, შეკვეთილი აქცია ასეთ დღეს» - წერს ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებელი.

"არავინ იცის, ვინ რა მიზნით შთააგონა მას მაინცდამაინც ამ დღეს დროშის დემონსტრაციულად დაწვა. შესაძლოა, მართლაც გონებაჩლუნგია. მაგრამ ასევე შესაძლებელია, იღაცას ძალიან სჭირდებოდეს, რომ ჩვენ ის თავქვე დავკიდოთ მოედანზე. შესაძლოა, ეს ვინმეს პროვოკაციაა, რაღაც გეგმის ნაწილი, რომელშიც ყარაბაღის შემდეგ აფხაზეთი მოდის" – წერს მეორე.

"ახლა რას იტყვიან ის "გენიოსები", რომლებიც ბოლო დროს საქართველოსთან თანამშრომლობის "აუცილებლობაზე" გვესაუბრებოდნენ?!' - წერს მესამე.

ამგვარად, ეს ყველაფერი ხელს უშლის თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის იდეას, რომელიც ბოლო პერიოდში სოხუმში, აფხაზების მიმართ მოსკოვის პოლიტიკის საგრძნობი შეცვლის ფონზე სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა. შესაბამისად, ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმამდე, თუნდაც ინტერნეტ-კომენტარის გამოქვეყნებამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ალბათ, მაინც მეტი დაფიქრება და პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S