შსს: კაბელები, რომლებითაც ინტერნეტი სომხეთსაც მიეწოდება, ქვემო ქართლში გადაჭრეს
02/10/2020 09:54:32 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში – მარნეულსა და დმანისში ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები გადაჭრეს, რომლებითაც ინტერნეტი გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, სომხეთის რესპუბლიკასაც მიეწოდება.
შესაბამისად, შსს–ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“.
დმანისი
გამოძიების თანახმად, 29 სექტემბერს, ღამის საათებში, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის“ კუთვნილ, დმანისში სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა; გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები
მომხდარის შესახებ პოლიციას 2020 წლის 30 სექტემბერს, დაზიანებიდან, დაახლოებით, 3 საათში კომპანიის წარმომადგენელმა აცნობა;
გამოძიება დმანისის რაიონულ სამმართველოში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სადახლო, მარნეული
შსს–ს თანახმად: 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ. ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და იგი, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.
გამოძიება ამ ფაქტზეც სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს „სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ და ამისთვის სასჯელის უმკაცრეს ზომად 1-დან 3 წლამდე პატიმრობაა განსაზღვრული.
„ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება“, – იუწყება საქართველოს საგამოძიებო უწყება.
შსს–ს ცნობით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“.


