სომხეთის საელჩო: „ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა საქართველოდან აზერბაიჯანს გადაეცემა“

02-10-2020 17:48:51 პოლიტიკა

საქართველოში სომხეთის საელჩოს ცნობით, სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე.

„გაცნობებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს.

სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სომხეთის დიპლომატიური მისია საქართველოში მყოფ სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, „რასაც შესაძლოა, პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს“.

მთიანი ყარაბაღში ფართომასშტაბიანი ბრძოლები 27 სექტემბერს განახლდა. დაღუპულები არიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამხედრო პირები. კონფლიქტის გამწვავებაზე მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები