მარნეულში მომხდარ ინციდენტზე მარნეულის მერიის თანამშრომელი და "ოცნების" აქტივისტი დააკავეს
03/10/2020 08:17:53 სამართალი
მარნეულში მომხდარ ინციდენტზე მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი გიორგი ჯალაღონია და ქართული ოცნების აქტივისტი გიორგი შუბითიძე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შუბითიძემ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს, ასევე, მათ თანმხლებს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გიორგი ჯალაღონიას, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ პირს.
"გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 სექტემბერს მარნეულში საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მარნეულში საღამოს „ქართული ოცნების" წევრები „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თავს დაესხნენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მთავრი არხის" ინფორმაციით, მარნეულში მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.


