
რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე დააპატიმრეს
03/10/2020 08:48:31 კონფლიქტები
სოჭის სასამართლოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე ახრა ავიძბა დააპატიმრეს.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შამბას ინფორმაციით, ავიძბა 10 დღე-ღამით დააპატიმრეს.
"რუსეთIს სხვადასხვა ინსტანციებთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და იმედი გვქონდა, რომ მის მიმართ ამგვარი აღმკვეთი ღონისძიება არ იქნებოდა გამოყენებული. სასამართლომ უგულებელჰყო ის ფატ, რომ ახრა ავიძბას დიპლომატიური სტატუსი აქვს: მათ მიიჩნიეს, რომ რაკი ის დიპლომატად რუსეთში არ არის აკრედიტებული, მაშასადამე, არც დიპიმუნიტეტი იცავს. არადა, კანონი მათ შესახებ, ვისაც დიპხელშეუხებლობა აქვს, საერთაშორისოა. ჯერ-ჯერობით ასეთი გაუგებრობა გვაქვს", - განაცხადა სერგეი შამბამ.
მისივე ინფორმაციით, ახრა ავიძბა თავად გამოცხადდა სოჭის საგამოძიებო ორგანოებში იმ ინციდენტის განსამარტად, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ფსოუზე, რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე მოხდა და რომლის გამოც რუსეთის უშიშროების სამსახურის კრასნოდარის სამხარეო სასაზღვრო სამმართველომ 8 აგვისტოს “საზღვრის უკანონო კვეთის” მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ცნობისთვის: 7 აგვისტოს ავიძბას, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად აფხაზეთში პირადი ავტომანქანით ბრუნდებოდა, რუსეთიდან გასვლის საშუალება არ მისცეს იმის გამო, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალები აღმოაჩნდა. თუმცა ავიძბა მესაზღვრეებს არ დაემორჩილა, “ჯიპით” გამტარი პუნქტის ღობე შეანგრია და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა.
7 ავისტოსვე ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოცქსელებში გავრცელდა. მოგვიანებით ავიძბამ რუსული ბიუჯეტის წინაშე ვალები დაფარა, რაც რუსულმა მხარემაც დაადასტურა.
დღეს ავიძბას დაპატიმრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ჰეშთეგი #თავისუფლებაახრაავიძბას შეიქმნა. აფხაზი მომხმარებლები განრისხებულები არიან რუსული მხარის ამ გადაწყვეტილების გამო და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.