Accentnews.ge
მარნეულსა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ენმ-ის ერთი წევრი და ერთი აქტივისტი და "ოცნების" 2 აქტივისტი დააკავეს

მარნეულსა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ენმ-ის ერთი წევრი და ერთი აქტივისტი და "ოცნების" 2 აქტივისტი დააკავეს

04/10/2020 11:38:48 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას მარნეულსა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს.

მათგან 2 "ქართული ოცნების" წევრია და მარნეულში 29 სექტემბრის ინციდენტის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. ერთი მათგანი მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი, გიორგი ჯალაღონიაა, მეორე - ქართული ოცნების აქტივისტი, გიორგი შუბითიძე.

ასევე, შსს-ის განცხადებით, დაკავებულია ენმ-ის ორი აქტივისტი. ორივე მათგანის დაკავებისთვის სასამართლო განჩინება არსებობდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი, რომლებმაც იძალადეს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, რომელმაც ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.

საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელმაც საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული სამართალდამრღვევი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“,– განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S