
ერევანი სამხრეთ მიმართულებით აზერბაიჯანის “ფართომასშტაბიანი შეტევის” შესახებ იუწყება
05/10/2020 09:18:21 კავკასია
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ მიმართულებით აზერბაიჯანის “ფართომასშტაბიანი შეტევის” შესახებ იუწყება.
სამინისტროს წარმომადგენლის არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, ბაქომ შეტევა დილით წამოიწყო.
«ამჟამად ჩვენი ძალები ინტენსიურ ბრძოლას აწარმოებენ მტრის უკუსაგდებად», – აღნიშნა მან.
პარალელურად, ობანისიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე სტეპანაკერტის ავიადაბომბვას აწარმოებს. «დაშავეულთა შესახებ მონაცემები ამ დროისთვის ზუსტდება», –აღნიშნა მან.
ოვანისიანმა დეზინფორმაცია უწოდა აზერბაიჯანული მხარის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთის რიგი რაიონებიდან აზერბაიჯანულ სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმები ხორციელდება.
«ეს სრული დეზინფორმაციაა. ვიდეო, რომელსაც ისინი მტკიცებულებად ასაღებდნენ, არაფერს ამტკიცებს იმასთან დაკავშირებით, საიდან წარმოებს სარაკეტო დარტყმები და ისიც საკითხავია, საერთოდ ამ ომის დროინდელია თუ არა ეს ვიდეო», – აღნიშნა მან.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის ჯარების მიერ ქალაქ ჯაბრაილის აღების შესახებ განაცხადა. თუმცა ერევანმა ამასაც დეზინფორმაცია უწოდა.
წუხელ კი ბაქომ ერევანი ქალაქებზე მინგეჩევირზე (მინგეჩაურზე) და ხიზიზე, ასევე აფშერონის რაიონზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა.
ცნობისთვის: ყარაბაღში, შეხების ხაზთან ვითარება 27 სექტებერს დაიძაბა. აზერბაიჯანელი სამხედროები შეტევაზე გადავიდნენ. ბაქო აცხადებს, რომ მისი მიზანი “დეოკუპაციაა”. კონფლიქტის ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, “გამარჯვებამდე იბრძოლოს”, მიუხედავად გაერო-ს, რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოწოდებებისა, მოლაპარაკებები განახლდეს.