რატომ თვლის სამთავრობო კომისიის წევრი ქვეყნისთვის საზიანოდ რუქას, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

05-10-2020 16:42:30 პოლიტიკა

სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას წევრი ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ რუქის შესახებ, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მისთვის ცნობილია და ის ტექნიკური წუნისაა.

„აპელირებენ [რიგი სასულიერო პირები], თითქოს ამ რუქით რომ გვეხელმძღვანელა, რაღაცას მოვიგებდით – სრული აფსურდია! ამ რუქას ჯერ კიდევ 1996–1997 წლებში ჩაუტარდა ანალიზი და უარი ვთქვით მის გამოყენებაზე, რადგან შესაბამისობაში არ არის: წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა – რკინიგზას, სხვ მახასიათებლებსაც შორის არის სხვაობა... რომ შეადარო სხვა რუქას, ისეთი სხვაობებია, რომელიც გაძლევს საფუძველს, თქვა, რომ ამ რუქის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებელია“,– განაცხადა მელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მელაშვილი ამბობს, რომ თუ შესაბამის უწყებებს ვითარებაში გარკვევა სურდათ, დრო და არც აუდიტორია სწორად არ იქნა შერჩეული.

„გამოძიება უსაზიზღრესი მუხლით მიმდინარეობს“,– ამბობს ბელაშვილი და დასძენს, რომ ვიტარებაში გასარკვევად რომელიმე სათათბირო ოთახში შეკრებაც საკმარისი იქნებოდა.

ცნობისთვის მელაშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე დაიბარეს. ამას წინ უსწრებდა მის ოფისსა და სახლში ჩხრეკა.

29 სექტემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

ასევე, 29 სექტემბერს, პროკურატურამ დავით–გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა. არქიმანდრიტს არ უთქვამს, კონკრეტულად, რა კითხვები დაუსვეს პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის დავით გარეჯის საკითხზე დაწყებულ გამოძიებას "დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციას" უწოდებს. ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, მას დააბრალოს "ქართული მიწის გაყიდვა".

საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის ნაწილია განსაზღვრული - სულ 446 კილომეტრიანი ზოლის 294 კილომეტრი.

დაუდგენელი რჩება საზღვრის ის ნაწილი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გადის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები