
ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა
25/06/2019 08:34:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა. პარლამენტის პლენარული სხდომა „ევროპული საქართველოსა“და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარეშე განახლდა.
სხდომა რამდენიმე წუთით სასესიო დარბაზში მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა.კერძოდ, დღის წესრიგის დამტკიცებისას „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე ემსჯელა მათ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო, შს მინისტრის გადადგომას ითვალისწინებს. მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. ამ თემაზე დაწყებული შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
"არ აპირებენ განხილვას იმ საკითხის, რომელიც მთელი საქართველოსთვის ახლა მთავარი საკითხია. განხილვასაც კი არ აპირებენ გახარიას საკითხის. რუტინულ კანონპროექტებზე საუბარს ვინ აპირებს ახლა აქ?! ეს მთელი საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომ პარლამენტის უმრავლესობა გვეუბნება, ამ საკითხს არ განვიხილავ. როგორც კი მივიღეთ პასუხი, რომ ამის განხილვას არ აპირებენ, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა. რა გვესაქმება ახლა აქ?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ენმ–ის წევრ ზაალ უდუმაშვილის განცხაებით, "ნაციონალური მოძრაობა" პროტესტის ნიშნად დღეს სხდომებს არც პარლამენტში და არც საკრებულოში არ დაესწრება.
ვიცე–სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დაძაბულობა პარლამენტშივე დასრულდება.
„საკმაოდ მძიმე რამდენიმე დღე გავატარეთ ყველამ ერთად, რომელიც დაიწყო ამ დარბაზიდან და იმედია, რომ ამ დარბაზშივე დასრულდება. რამდენიმე დღე ახალგაზრდებმა გაატარეს ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე. იყო ამ შენობაზე შტურმის მიტანის მცდელობა, რაც დასრულდა საკმაოდ მძიმე შედეგით და ჩვენ სახეზე გვყვავს დაზარალებული ადამიანები, ახალგაზრდები. პირველ რიგში, ჩვენ მათზე უნდა ვიფიქროთ ბუნებრივია და ეს კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ყველა საკითხი, რომელიც განსახილველია და ყველა თემაზე, რომელზეც არსებობს კითხვები, აქ გავარჩიოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.