NCDC: "PCR ტესტირებით დიაგნოსტირებისას პაციენტების 36.2%–ს კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა"
05/10/2020 16:30:21 საზოგადოება
PCR ტესტირებით დიაგნოსტირებისას პაციენტების 36.2%–ს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.
"PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს 36.2% იყო ასიმპტომური, თუმცა დაავადების მიმდინარეობასთან ერთად შესაძლოა, მოგვიანებით გამოვლენილიყო გარკვეული სიმპტომები", – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხშირად პაციენტებში ვლინდება ცხელება, ზოგადი სისუსტე, ხველა, ყელის სიმშრალე/ტკივილი და თავის ტკივილი.
საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 52 გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 578 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


