
კრემლი: ფაშინიანმა და პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს
06/10/2020 05:23:29 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გამწვავებული შეიარაღებული დაპირისპირება განიხილეს,– იუწყება კრემლის პრესსასახური და აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბრის ინიციატორი სომხური მხარე იყო.
აღნიშნული რელიზის თანახმად, საუბრის დროს აღინიშნა, რომ შეიარაღებულმა დაპირისპირებამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და ორივე მხრიდან სერიოზულ დანაკარგებს იწვევს, მათ შორის მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.
„პუტინმა ისევ გაუსვა ხაზი საბრძოლო მოქმედებების სასწრაფოდ შეწყვეტის აუცილებლობას“,– ნათქვამია ოფიციალურ რელიზში.
არსებული ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ პუტინსა და ფაშინიანს შორის მეოთხე სატელეფონო კომუნიკაცია შედგა, ხოლო პუტინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის კომუნიკაციის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა და საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, ამ დრომდე გრძელდება.