
ალიევმა სომხებისა და აზერბაიჯანელების წარმატებული თანაცხოვრობის მაგალითად საქართველოს გამოცდილებაც მოიყვანა
06/10/2020 12:24:29 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს სომეხი ერის საწინაამდეგო არაფერი აქვს.
„ჩვენ სომეხი ერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. სომეხმა ერმა საკუთარი ხელისუფლება პასუხისგებაში უნდა მისცეს: ეს საომარი მოქმედებები მათი ხელისუფლების ბინძური პოლიტიკის მიზეზით მოხდა. ჩვენი მიწების გათავისუფლების, ოკუპაციის დასრულების შემდეგ, მთიან ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობა და აზერბაიჯანელები, რომლებიც იქ დაბრუნდებიან, ერთად იცხოვრებენ, ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი თემის ფარგლებში”, – განაცხადა, apa.az–ის ცნობით, ალიევმა თურქულ ტელეკომპანია „TRT Haber“-თან.
როგორც ალიევი აცხადებს, ღრმად სწამს, რომ აზერბაიჯანელი და სომეხი ერი შერიგდება. აქვე მან ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში მცხოვრებ სომხებს "არავნ ერჩის" და რომ ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
“ჩვენ არ გვაქვს რაიმე პრობლემა სომეხ ერთან, რომელიც საკუთარი ხელისუფლების მძევალია. სამწუხაროდ, ფაშინიანმა, ხელისუფლებაში მოსვლისას ბევრი დაპირება გასცა, ჩვენც ვიმედოვნებდით რომ ძველი კრიმინალური რეჟიმი წარსულს ჩაბარდებოდა. თუმცა მოვიდა ახალი რეჟიმი, რომელმაც საკუთარ ერს ტანჯვა მოუტანა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხი შერიგდება”,– განაცხადა ალიევმა და წარმატებული თანაცხოვრების მაგალითად მან მათ შორის საქართველოს გამოცდილება მოიყვანა:
“საქართველოში დაახლოებით 300 ათასი აზერბაიჯანელი და 200 ათასი სომეხი ცხოვრობს. ისინი ერთად ერთ სოფელშიც ცხოვრობენ და მათ შორის არ არის პრობლემები”.
ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, სამხედრო მოქმედებები არ წყდება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს თავდაცვის მინისტრმა ზაკირ გასანოვმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე არმიას ბრძანება მისცა,მოწინააღმდეგის სამხედრო -სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე მაღალი სიზუსტისა და გამანადგურებელი იარაღის გამოყენებით მასშტაბური დარტყმების განხორციელება დაგეგმოს.
გარდა ამისა, ზაკირ გასანოვმა განაცხადა, რომ თუკი მოწინააღმდეგე მხარე „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს გამოიყენებს, აზერბაიჯანი ადეკვატურ ზომებს მიიღებს.