თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის დაშავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
06/10/2020 13:04:08 სამართალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო მოსამსახურემ, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით გორში პოლიციამ იპოვა, არასამუშაო პერიოდში დაშავდა.
ამასთან, როგორც უწყება თავად დაშავებულ ჯარისკაცზე დაყრდნობით აცხადებს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი არხში ჩავარდა და შემდეგ დახმარება თავადვე ითხოვა.
„პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, დასვენების დღეებში დათხოვნაში მყოფმა, არასამსახურეობრივ პირობებში მიიღო გარკვეული დაზიანებები, რის შედეგადაც ის მოხვდა საავადმყოფოში. თავად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის განმარტებით, ის იმყოფებოდა მეგობრის წვეულებაზე, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა მდინარის პირას წყლის არხში და შედეგად მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც თავად დაურეკა 112-ს. თავდაპირველად ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებული სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მან უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავებს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


