
ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა
06/10/2020 13:26:59 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა.
სომხური მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი კონფლიქტის ზონაში 5 ოქტომბერს ჩავიდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, "ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა, ფრონტის წინა ხაზზე არსებული ოპერატიული სიტუაცია და აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები განიხილა".
ცნობისთვის: მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, სამხედრო მოქმედებები არ წყდება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს თავდაცვის მინისტრმა ზაკირ გასანოვმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე არმიას ბრძანება მისცა,მოწინააღმდეგის სამხედრო -სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე მაღალი სიზუსტისა და გამანადგურებელი იარაღის გამოყენებით მასშტაბური დარტყმების განხორციელება დაგეგმოს.
გარდა ამისა, ზაკირ გასანოვმა განაცხადა, რომ თუკი მოწინააღმდეგე მხარე „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო სისტემებს გამოიყენებს, აზერბაიჯანი ადეკვატურ ზომებს მიიღებს.