
აჭარაში შეზღუდვების მოხსნა ამ ეტაპზე არ განიხილება
06/10/2020 14:34:18 რეგიონები
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება, ვინაიდან ეპიდსიტუაცია მსგავს წინაპირობას არ იძლევა.
„ის შეზღუდვები, რაც აჭარის რეგიონში გვაქვს არის მინიმალური, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, მათი აქტივობა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, დაწესდა ეს შედარებით მსუბუქი სახის შეზღუდვა. ამ ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, არ განიხილება, ვინაიდან შემთხვევების რაოდენობა, ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის წინაპირობას არ იძლევა“,-აღნიშნა ნიჟარაძემ.
მისი შეფასებით, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რჩება დაძაბული, თუმცა სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული.
„მოსახლეობას მივმართავთ, უფრო მეტი ყურადღებისკენ და წესების დაცვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ სიტუაციის სტაბილიზაციას.
ზოგადად სტაბილურად მომატებული დონე გვაქვს. დღეს რომ ოდნავ შემცირებული იყო რაოდენობა, ეს დიდად არაფერს ნიშნავს. მომდევნო პერიოდში შემთხვევების შემცირებას ველოდებით და გამოჯანმრთელებული პაციენტების მატებას. 2200-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს და შემთხვევების 80%-ზე მეტი საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის გახლავთ, რომელთაც სტაციონარიზაცია არ სჭირდებათ.
ხვალინდელი დღე დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, ამიტომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მობილობა. ყველა მიმართულებით უნდა იყოს კონტროლის მექანიზმების მკაცრი ადმინისტრირება, რადგან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება“,-აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის: მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 სექტემბრიდან აჭარის რეგიონში რესტორნები 22:00 საათამდე მუშაობენ, ამასთან რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად შეჩერდა.