შსს: ოთხმა პირმა „ქართული ოცნების“ წევრს მანქანა დააჯახა და სცემა
07/10/2020 06:16:10 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს 4 პირი, რომლებმაც "ქართული ოცნების" წევრს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, შემდეგ კი სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.
შსს–ს ინფორმაციაში თავდასხმის მოტივაციაზე არაა საუბარი. კერძოდ, გამოძიების ვერსიით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი თემურ შუბითიძე 30 სექტემბერს კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა დაუდგინდა და გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ მომხდარში "ქართული ოცნების" ლიდერები ოპონენტებს ადანაშაულებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული პირების პოლიტიკური კუთვნილება არაა ცნობილი.


