
მიიღო თუ არა შეთავაზებაზე პასუხი თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანისგან – გახარიას კომენტარი
07/10/2020 09:43:08 კავკასია, საგარეო პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაურკვევლობა და კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.
ასე უპასუხა გახარიამ კითხვას, იყო თუ არა კონფლიქტში ჩართული მხარეებისგან თბილისში შეხვედრის შეთავაზებაზე გამოხმაურება.
გახარია ამბობს, რომ იქნება გამოხმაურება თუ არა, საქართველო ყოველთვის მზაობას გამოხატავს და თავის წვლილს შეიტანს მშვიდობის დამყარებაში.
„როდესაც ჩვენს სამეზობლოში ნამდვილი ომი მიმდინარეობს, საქართველოსთვის ეს უდიდესი რისკია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, გვექნება გამოხმაურება თუ არა, რომ ჩვენი შესაძლებლობები, მზაობა გამოვუხატოთ ჩვენს მეზობლებს და რა შესაძლებლობაც გვაქვს, ის წვლილი შევიტანოთ მშვიდობის დამყარებაში. ყველას კარგად გვესმის, რომ როცა რეგიონში მიმდინარე ომზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვყავს ჩვენი მოქალაქეები, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი. საქართველო პირდაპირ არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში ნებისმიერი სახის გაურკვევლობა და კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. ჩვენ რაც შეგვიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: საქართველომ ხელისუფლებამ სომხეთ-აზერბაიჯანს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.