
ალიევი ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს არ უნდა გასცდეს
07/10/2020 13:58:02 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს არ უნდა გასცდეს.
„კონფლიქტი აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებს არ უნდა გასცდეს“,– განაცხადა ალიევმა რუსული „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მანამდე მან ისიც აღნიშნა, რომ „კონფლიქტი სომხეთის ტერიტორიაზეც კი არ გადადის“.
„სომხეთის ტერიტორიიდან საარტილერიო თავდასხმებს მიუხედავად, ჩვენ სომხეთის ტერიტორიაზე არავითარ დარტყმებს არ ვახორციელებთ, არ გადავდივართ სომხეთის ტერიტორიაზე, თუმცა ამისათვის ყველა შესაძლებლობა არსებობს“,– განაცხადა ალიევმა.
ალიევი თვლის, რომ „სომხური მხარე წარუმატებლად ცდილობს დაპირისპირებაში ჩართოს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია, ევროპული ქვეყნები და ცდილობს, ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზებას“.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, როგორც ალიევმა აღნიშნა, ბაქო მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას სამხედრო დაპირისპირების ფაზის დასრულების შემდეგ გეგმავს.
ალიევმა ისიც აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება წამყვანი ქვეყნების მიერ გარანტიებით უნდა იყოს გამყარებული:
„თუ მშვიდობაზეა საუბარი, პირველ რიგში, მე ამას პოლიტიკურ დარეგულირებად ვხედავ, რომელიც იქნებოდა ყოვლისმომცველი, ხანგრძლივი, მარადიული, წამყვანი ქვეყნების სერიოზული გარანტიის პირობებში, ქვეყნების, რომლებიც მისაღები იქნება, როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ქვეყნების შემადგენლობა, შესაძლოა იყოს განსხვავებული მინსკის ჯგუფის შემადგენლობისგან“.
ცნობისთვის: მთიან ყარაბარში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა და სამხედრო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.