Accentnews.ge
უსაფრთხოების ექსპერტი ოლევს ნიკერსი ყარაბაღის კონფლიქტში კრემლის სამხედრო ჩართულობის შემაკავებელ ბერკეტს თბილისის პოზიციონირებაშიც ხედავს

უსაფრთხოების ექსპერტი ოლევს ნიკერსი ყარაბაღის კონფლიქტში კრემლის სამხედრო ჩართულობის შემაკავებელ ბერკეტს თბილისის პოზიციონირებაშიც ხედავს

07/10/2020 14:19:35 კავკასია, კომენტარი

მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო შეტაკებების შეწყვეტის ნიშნები ამ დრომდე არ ჩანს და მეტიც, ვრცელდება ცნობები თავდასხმების კონფლიქტის ზონის მიღმა განხორციელების შესახებ, რაც რიგ ანალიტიკოსებს ფრონტის ხაზის რეგიონის მასშტაბით გაფართოებისა და მასში ასევე ძლიერი რეგიონული აქტორების ჩართვის რისკებზე აფიქრებს: კონფლიქტში მეზობელი სახელმწიფოების უშუალო ჩართვა კიდევ უფრო შეამცირებს ცეცხლის შეწყვეტასა და დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მოკლე დროში დაბრუნების შანსებს.

რამდენად რეალურია პროცესებში რეგიონალური აქტორების ჩართულობის რისკი, როგორ უნდა დაიცვას საქართველომ საკუთარი ნეიტრალური პოზიცია და როგორი უნდა იყოს საერთაშორისო ჩართულობა პროცესების განსამუხტად – ამ საკითხებზე „აქცენტი“ ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტ ოლევს ნიკერსს ესაუბრა.

რეგიონალური აქტორების ჩართულობის რისკი

ოლევს ნიკერსს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია, რომ თურქეთმა სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა.

„პირველ რიგში, ორივე ქვეყნისთვის - რუსეთისა და თურქეთისთვის ეს კონფლიქტი რეგიონალური ძალაუფლებისთვის მორიგი თემაა. შექმნილ ვითარებაში რუსეთი უფრო რთულ მდგომარეობაში იმყოფება: მართალია, მოსკოვს ერევანთან გარკვეული უსაფრთხოების შეთანხმება აქვს, მაგრამ მას ასევე სურს, აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს, რადგან ამ შემთხვევაში სასწორზე ეკონომიკური ინტერესები დევს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან რუსეთის სამხედრო კავშირი უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს ითვალისწინებს, მისი გამოყენების საკითხი არც ერთ მხარეს ამ დრომდე სერიოზულად არ განუხილავს. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების ეს გარანტიები ძალაში შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდეს, თუ მესამე მხარის მიერ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნება, რაც დღევანდელ სიტუაციაში ასე არ არის. თუ თურქეთი სომხეთის წინააღმდეგ სომხეთის ტერიტორიაზე მასიურ ოპერაციებს ჩაატარებს, მაშინ რუსების მხრიდან მისი სამხედრო მოკავშირის მხარდაჭერის საკითხი დღის წესრიგში დადგება, თუმცა, ვფიქრობ, ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარია“, – განუცხადა ანალიტიკოსმა „აქცენტს“.

როგორ უნდა დაიცვას საქართველომ საკუთარი ნეირტალური პოზიცია

ნიკერსი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით გატარების შეჩერების თაობაზე, თბილისის ნეიტრალური პოზიციის ერთ–ერთ დასტურად აფასებს.

„ჩემი აზრით, საქართველომ მტკიცე პოზიცია უნდა შეინარჩუნოს რუსეთთან მიმართებაში – არ დაუშვას მისი ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთის სომხეთსა და აზერბაიჯანში ტრანზიტი. ამ ტრანზიტის შეჩერება ხაზს უსვამს საქართველოს ნეიტრალურ პოზიციას და რაც ყველაზე მთავარია, ტრანზიტის შეჩერება კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ჩართულობის წინააღმდეგ შემაკავებელი პოლიტიკისთვის დამატებითი ბერკეტია“, – აცხადებს ნიკერსი.

კონფლიქტის ესკალაციის ზეგავლენა რეგიონზე და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის სამხედრო ჩართულობის შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგეს:

„რა თქმა უნდა, საქართველო დაინტერესებულია, რომ ეს კონფლიქტი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რეგიონში ცეცხლის გავრცელება ყველა მეზობელი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ყველაზე ცუდი სცენარი იქნება. თუ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას გავითვალისწინებთ, რუსეთის სამხედრო ჩართულობის შემთხვევაში, შეიძლება, საფრთხე შეექმნას საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“.

საქართველოს ინიციატივა და საერთაშორისო ჩართულობა

ნიკერსი საქართველოს ხელისუფლების მიერ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგისთვის თბილისში შეხვედრის თაობაზე შეთავაზებასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისი ნეიტრალური მასპინძლის როლს ძალიან კარგად შეასრულებს.

„საქართველოს შეთავაზება, ხელი შეუწყოს თბილისში შეხვედრის გამართვას, ძალიან კარგი ალტერნატივაა მოლაპარაკებების სხვა ფორმატებისა, რომლებიც არაეფექტური აღმოჩნდა. ეუთო–ს ფორმატმა შეიძლება, არ მოიტანოს სასურველი შედეგი, როგორც ეს აქამდე ბევრჯერ მომხდარა. სადღეისოდ ვითარება კიდევ უფრო რთულია, რადგან კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე მტკიცედ აცხადებს, რომ წარმატების მიღწევისთვის ნებისმიერ ფასად იბრძოლებს. უახლოესი რეგიონული პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით უნდა მოიძებნოს გამოსავალი, შედგეს დიალოგი და ჩემი აზრით, ნეიტრალური მასპინძლის როლს საქართველო ძალიან კარგად შეასრულებს. პირველ რიგში, ორივე მტრულად განწყობილი მხარე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ რეგიონალურმა ძალებმა უნდა უზრუნველჰყონ, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე სხვა მხარეებს ჰქონდეთ ნეიტრალური პოზიცია. ამავე დროს, უნდა გამოიძებნოს რეგიონში მშვიდობის დამყარების საერთო საფუძვლები, რაც შექმნის შესაძლებლობას, დასრულდეს ეს ”გაყინული კონფლიქტი”, რომელიც ათწლეულებია გრძელდება“, – დასძინა ნიკერსმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S