პროკურატურასთან დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების დაკავებას აპროტესტებენ
07/10/2020 16:14:28 სამართალი
პროკურატურასთან დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის, ივერი მელაშვილის და კომისიის წევრის, ნატალია ილიჩევას დაკავებას აპროტესტებენ.
მთავარი საგამოძიებო უწყების შენობასთან "ევროპული საქართველოს", ენმ-ის წევრები და აქტივისტები არიან მისულები.
მათი თქმით, "ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია, ამასთან, იკვეთება რუსული ინტერესები".
"მოქალაქეობრივი საკითხია, რომ არ მივცეთ ხელისუფლებებს უფლება, დაჩაგრონ მოქალაქეები, მეორე, ეს არის საშიში ფაზა წინასაარჩევნოდ, როცა ხელისუფლება პირდაპირ გადადის ძალიან ღიად ბინძურ თამაშებზე და იკვეთება კონკრეტულად რუსეთის ინტერესი, მათ შორის, ირმა ინაშვილის მხრიდან, რომელიც კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდა ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და იღებდა დავალებებს რუსეთიდან, რომელიც არ გამოიძია ამ პროკურატურამ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ბრალდებით 2 პირი დააკავა. დაკავებულები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.


