
სომხური მხარე - მოქალაქეებს: "ნუ აჰყვებით ანტი-ქართულ დეზინფორმაციას"
08/10/2020 05:50:10 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, "არ აჰყვნენ ანტი-ქართულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო და ქართველი ხალხი შეიარაღებულ კონფლიქტში აზერბაიჯანულ მხარეს უჭერს მხარს".
"ძვირფასო თანამემამულეებო.
ბოლო დროს სოციალურ მედიაში შემაშფოთებელი ტენდენცია შეინიშნება. კონკრეტული ფეიკანგარიშები, რომლებიც ცნობილი და უცნობი ცენტრებიდან იმართებიან, საჯარო აზრზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ, თითქოს საქართველო და ქართველები შეიარაღებულ კონფლიქტში აზერბაიჯანს უჭერენ მხარს.
მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და თავი შეიკავეთ მსგავსი დეზინფორმაციის შექმნისა და გავრცელებისგან. ვაცხადებ, რომ სომხეთისა და საქართველოს პატივსაცემი სახელმწიფო უწყებები ეფექტურად თანამშრომლობენ, რათა მოგვარდეს ის მწვავე პრობლემები, რომლებიც ყველა ჩვენგანს უდგას. ამასთან, მინდა, გაცნობოთ, რომ მრავალი მათგანი უკვე მოგვარებულია, ორმხრივი ძალისხმევის შედეგად.
ჩვენს ერებს შორის ათასწლოვანი ძმური ურთიერთობა ვერასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ის ღრმა, საზიარო ღირებულებათა სისტემაზეა დამყარებული. მაშასადამე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ გამიზნულ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარული სულისკვეთება ქართველი ხალხის მიმართ, ციფრულ და არაციფრულ სივრცეებში", - წერს აღაჯანიანი "Facebook"-ში პირად გვერდზე.
ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.