გარეჯის საქმე: „ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებებია“
08/10/2020 07:55:58 სამართალი
დავით–გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ საქმეში ძირითადად, სასულიერო პირების ჩვენებები დევს.
„ეს პროცესი მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე სამართლებრივს“,– აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე შეფასებით, ბრალდებულები „პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან“.
„ბრალდება აბსურდულია, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო სახელმწიფოებს შორის და ის რუკები, რომელთაც მათ ედავებიან, რომ ეხელმძღვანელათ, მათთვის იყო არასანდო და ასეთ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ არ უნდა დაყრდნობოდნენ. საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან, ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, რომ შეიძლება დაკარგულიყო, ეს ცალსახად პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება. ბატონი ივერი მელაშვილისთვის ეს ბრალდება არის პოლიტიკური პროცესებისთვის თანმდევი შედეგი და პროფესიონალები, რომლებიც თავის საქმეს ასრულებდნენ პირნათლად 1994 წლიდან და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, ამას ადასტურებს მათ შორის მოქმედი ელჩის განცხადება... დაკავების განჩინებიდან ამოვიკითხე, რომ მოწმეებად სასულიერო პირები ჰყავთ, რომლებიც თითქოსდა, ესწრებოდნენ გარკვეულ შეხვედრებს და ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა, რომ მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს - არა. აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ბრალდებულები, თუმცა, ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, - განაცხადა მარიკაშვილმა.
ცნობისთვის: 7 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინა საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელს ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს ნატალია ილიჩოვას.
გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.
პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000.
კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".


