ლგბტ ორგანიზაციამ სახელმწიფოს დავა სტრასბურგში მოუგო
08/10/2020 10:37:09 სამართალი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ" ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევა დაადგინა, რაც ადამიანის მიმართ ღირსებისშემლახველ, დამამცირებელ და დისკრიმინაციულ მოპყრობას გულისხმობს.
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ორივე აპლიკანტისთვის არამატერიალური ზიანის საფუძველზე თანხის გადახდა დააკისრა. კერძოდ, ქართულმა სახელმწიფომ ეკატერინე აღდგომელაშვილს და თინათინ ჯაფარიძეს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის 2 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
"პოლიციელების ქმედება, რომელიც ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივებით იყო განპირობებული, უკიდურესად შეუფერებელი და შეუსაბამო იყო. პოლიციის ოფიცრებმა, არა მხოლოდ განზრახ დაამცირეს და შეურაცხყეს განმცხადებლები, სიძულვილის ენის გამოყენებით, არამედ მათ ემუქრებოდნენ კიდეც. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ჩხრეკის გაშიშვლებით ჩატარების გადაწყვეტილება, რომლისთვისაც არც ერთი ვალიდური მიზეზი არც ხელისუფლებას და არც პოლიციას არ წარმოუდგენია, რის გამოც სასამართლომ დაასკვნა, რომ მათი ერთადერთი მიზანი განმცხადებლების შერცხვენა და დასჯა იყო, მათი კავშირის გამო ლგბტ თემთან", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საქმე ეხება 2009 წლის 15 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდ "ინკლუზივის" ოფისში 17 პოლიციელის მიერ ჩატარებულ რეიდს. განმცხადებლების ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა გაიგეს, რომ ლგბტქ თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ, ოფისის თანამშრომლების შეურაცხყოფა დაიწყეს, უწოდებდნენ რა მათ: "ავადმყოფებს", "გარყვნილებს" და სხვა. "გაშიშვლებით ჩხრეკა ჩატარდა ოფისის ტუალეტში, ცივ და ჭუჭყიან იატაკზე, სადაც პოლიციელები ქალებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ. ჩხრეკის შესახებ პოლიციას არანაირი ოქმი არ შეუდგენია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.


