ვის ეკუთვნის კახეთში ჩამოვარდნილი დრონები და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში – პროგრამისტის ვერსია

08-10-2020 17:07:51 კავკასია ,კომენტარი

პროგრამისტ უჩა აბაშიძის დასკვნით, კახეთში ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატები სავარაუდოდ, აზერბაიჯანს ეკუთვნის და მათ აზერბაიჯანული მხარე საბრძოლო დანიშნულებით იყენებს.

„როგორც ფოტოებზე ჩანს, ნამსხვრევენი ზუსტად ემთხვევა სომხური მხარის მიერ გადაღებული აზერბაიჯანული დრონების ნაწილებს და ეს თვითაფეთქებადი დრონებია. არ არის დადასტურებული, ვინ აწვდის მათ ამ დრონებს, ამიტომ სპეკულაციის სახით არ ვიტყვი. ანუ, ესაა აზერბაიჯანული დრონები, რომელთაც ისინი საბრძოლო დანიშნულებით იყენებენ“,– ამბობს პროგრამისტი.

პროგრამისტი ვარაუდობს, რომ დრონებს „ტვინი აერიათ“ სავარაუდოდ, სომხური მხარის ჩარევით:

„მათიკავშირი დაარღვიეს, ან პროგრამა ჰაერში რადიოსაშუალებებით დააზიანეს და დრონი არეულ რეჟიმზე გადავიდა, რის გამოც იტრიალა წრეზე, ნელ–ნელა შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და სადაც საწვავი გაუთვადა, იქ ჩამოვარდა“,– ამბობს პროგრამისტი.

აბაშიძე შემხვევის ადგილზე ამახვილებს ყურადღებას:

„გზაარეული“ დრონი ჩვენს ტერიტორიაზე ძალიან ღრმად შემოვიდა. ბევრი ვერ ხვდება, რომ ყვარელთან ჩამოვარდნილი დრონი ნიშნავს, რომ მან საათების განმავლობაში იფრინა ჩვენს თავზე. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა ვერ მიხვდა, რა მოხდა, ან რაღაცის გამო არ მოახდინა რეაგირება“,– ამბობს პროგრამისტი „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე, დღის მეორე ნახევარში 15–წუთიანი ინტერვალით ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფელ კუჭატანში ადგილობრივები ყვებიან, რომ საღამოს ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რომელსაც მიწისძვრის ეფექტი ჰქონდა. სახლიდან გარეთ გამოსულებმა კი რამდენიმე წუთში გარკვიეს, რომ ვენახებში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

შს–ს არ გაუკეთებია განცხადება, ვის ეკუთვნოდა ეს აპარატები და რა გახდა მათი ჩამოვარდნის მიზეზი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები