
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში ბრუნდება
08/10/2020 13:22:47 სამართალი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში საქართველოდან გაუჩინარების შემდეგ პირველად ჩამოდის.
როგორც მისი ინტერესების დამცველები იუწყებიან, მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისში გაუჩინარდა. მეორე დღეს ოჯახმა მას ბაქოს ციხეში, პატიმრობაში მყოფს მიაკვლია. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რო ის თბილისიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს.
საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული. აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“) იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული.
მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.
მუხთარლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ოქტომბერს, 18:00 საათისთვის ჩამოვა და მას ადგილზე ადვოკატი დახვდება.