"მე ამ ბრალდებას ვერ შევეგუები. გავა ეს არჩევნები და ხვალ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში?"
08/10/2020 18:01:36 სამართალი
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი მის მიმართ წარგენილ ბრალდებას "პოლიტიკურად მოტივირებულად" აფასებს.
"მთელი ჩემი ცხოვრება საქართველოს ინტერესით მიცხოვრია. რაც წავიკითხე, ბრალში მოყვანილი ფაქტები, მთელი ეს დოკუმენტები შედგენილია აბსოლუტურად დილეტანტურ მიდგომაზე, რომ რაღაც 1:200 000 რუკით საქართველომ რაღაც ტერიტორიები დაკარგა.
რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის.... სინამდვილე ის არის, რომ საქართველოს საქმეს აფუჭებთ ხალხნო! მეორე, ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში მაშინ, როცა პირიქით, სახეგამართულები ვიყავით... გაუნათლებელ, დილეტანტურ მიდგომაზე საუბარი 1929 წლამდე მიიყვანს ყველაფერს, ეს გაფუჭდება. ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, პროკურორისთვის არაფერი იყოს, ისროლა ბრალდება და მოარტყა.
არ ვაპირებ, ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში? მე ვერც ციხე გამტეხს. კი ბატონო, ჩამსვით მაგრამ, ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები! ჩემ უკან ოჯახია, დედა-მამაა, წინაპრებია და ის, რომ ქართველი ვარ. არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია“,- განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის: სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” გუშინ დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
თავად დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.


