
ერევანი სომხეთსა და ყარაბაღში მშვიდობიან მოსახლეობას შორის 21 დაღუპულისა და 93 დაჭრილის შესახებ იუწყება
09/10/2020 08:08:46 კავკასია
ამ დროისთვის ყარაბაღის ზონაში მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები, განსაკუთრებით - სამხრეთ მიმართულებით. ამის შესახებ დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, შუშიში სურბ ამენაპრკიჩ გაზანჩეცოცის ეკლესიაზე ავიადარტყმა აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გამიზნულად განახორციელეს (თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ამ დარტყმებთან კავშირი უარყო).
ამასთან, კითხვაზე, რომელი რაკეტით დაარტყეს შუშის ეკლესიას, ოვანისიანმა განაცხადა, რომ ეს დამატებით გამოძიებას მოითხოვს, თუმცა ძირითადად სარაკეტო დარტყმები ყარაბაღის ქალაქებზე სისტემებიდან «Смерч», «Касирка», «Полонез, «LAR-160» ხორციელდება.
მთლიანობაში, ოვანისიანის ინფორმაციით, სომხეთსა და ყარაბაღში მშვიდობიან მოსახლეობას შორის არის 21 დაღუპული და 93 დაჭრილი. დაზიანდა 5800 სამოქალაქო ობიექტი, შენობა და ნაგებობა. ამასთან, მისი თქმით, შუშიში დაჭრილი ერთ-ერთი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა (თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის მიერ ბარდინის რაიონზე საჰაერო დარტყმებისა და დაშავებულების თაობაზე. ბაქოს მონაცემებით, სადღეისოდ აზერბაიჯანს 32 მშვიდობიანი მოსახლე ჰყავს დაღუპული და 154 დაჭრილი, დაზიანებულია 133 სამოქალაქო ობიექტი და 928 სახლი).
რაც შეეხება პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმად, გარკვეული პირები ფრონტის წინა ხაზზე სომეხი სამხედროების დემორალიზების მიზნით ამ ომში მისი და მისი მთავრობის მიზნების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, როგორც ოვანისიანმა აღნიშნა, “ომის დროს გმირობა ყოველთვის ღალატთან მეზობლობს და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული მართვის სისტემას ძალუძს, ვითარება აკონტროლოს, ნაკლები გამოავლინოს და ქვეყანა წინ წასწიოს”.
კითხვაზე, რამდენად ზუსტია ინფორმაცია აზერბაიჯანული მხარის მიერ სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანის შესახებ, მან აღნიშნა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია, თუმცა “ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების დროს ტყვედ ჩავარდნის ალბათობა ყოველთვის მაღალია”.